განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი.
ვიცე-პრემიერის თქმით, გამოცხადდა გრიფირების პროცესი და სახელმძღვანელოებს დაბეჭდავენ კერძო დაწესებულებები, გამომცემლები, პოლიგრაფისტები და ა.შ.
რაც შეეხება გამომცემლობების ნაწილის კრიტიკას, ჯეჯელავას თქმით, ის გამომცემლობები, რომლებსაც ყველაზე მეტი პრეტენზიები აქვთ, არიან ძალიან მაღალი გამოცდილების მქონეები ცუდი სახელმძღვანელოების გამოშვებაში, თან მაღალ ფასად.
„მათ, თავის დროზე შეძლეს, რომ მაღალ ფასად ცუდი სახელმძღვანელოები შეექმნათ, ამიტომ მათი წუხილი სახელმძღვანელოების ხარისხზე უადგილოა. დარწმუნებული ვარ და რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ იმაზე, რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან ხარისხიანი", - განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრმა ტენდერთან დაკავშირებული საკითხები განმარტა.
„არსებობს ასეთი სატენდერო სქემები, მაგალითად, მსოფლიო ბანკი იყენებს საკონსულტაციო მომსახურებაში, როცა ხარისხს აქვს მაღალი წონა და მხოლოდ მაღალხარისხიანი მონაწილეები შედიან საფასო კონკურენციაში, ამის მსგავსი თემაა, ანუ ჯერ გადავარჩევთ საუკეთესო სახელმძღვანელოებს, შემდეგ საუკეთესოებში შედგება საფასო კონკურენცია, საუკეთესოებში ყველაზე დაბალი ფასის მქონე რამდენიმე მიიღებს გრიფირებას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.