logo_geo
eng_logo
„საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია!“ - ზვიად გამსახურდიას საქმის ახალი დეტალები
- +

3 აპრილი. 2017. 15:52



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა, რომელიც პირველი პრეზიდენტის განზრახ მკვლელობაზე მიუთითებს. ამის შესახებ  „პრაიმტაიმი" ე.წ. როსტოვის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ სამარხში აღმოჩენილი და გამოსაკვლევად წარმოდგენილი ძვლის ნეშტი ერთი ადამიანის გვამს ეკუთვნის, რაზეც მიუთითებს მათი ერთნაირად გამოხატული მორფოლოგიური ნიშნები, ასევე, ძვლების ანატომიური შესაბამისობა.


„როსტოვის სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სახელმწიფო ცენტრის დასკვნა 2007 წლის 6-12 მარტით თარიღდება. ოთხი სამედიცინო ექსპერტისგან შემდგარ ჯგუფს გროზნოდან თბილისში გადმოსვენებამდე უნდა დაედგინა, მართლაც ეკუთვნოდა თუ არა ცხედარი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. ჩატარებული საიდენტიფიკაციო გამოკვლევების საფუძველზე, დადგენილია, რომ წარმოდგენილი ძვლების ნარჩენები ეკუთვნის ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას, დაბადებულს 1939 წელს, რასაც მოწმობს საორიენტაციო, ზოგადი და ცალკეული კერძო ნიშნების თანხვედრა, აგრეთვე, სიცოცხლეში გადაღებული ფოტოსურათებისა და თავი ქალის გამოსახულების ფოტოშეთავსების დადებითი შედეგი. ძვლების ნარჩენების გამოკვლევისას, აღმოჩენილია: თავის ქალის ერთი, ცეცხლნასროლი, გამჭოლი, ტყვიით მიყენებული შეღწევადი დაზიანება თაღისა და ფუძის ძვლების მრავალნამსხვრევიანი მოტეხილობებით. ასევე, აღმოჩენილია არაპირდაპირი მოტეხილობები მარცხენა მე-6, მე-8 და მარჯვენა მე-2, მე-10 ნეკნების, აგრეთვე, მარცხენა ბოქვენის ძვლის ზედა და მარცხენა საჯდომი ძვლის ქვედა ტოტებისა", - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.


​სტატიის თანახმად, იქვე აღნიშნულია, რომ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზი თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა გახდა. ექსპერტებმა დეტალურად აღწერეს გასროლის ტრაექტორია, რაც პრაქტიკულად ადასტურებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია.

 

„თავის ქალის აღნიშნული დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის ტყვითაა მიყენებული, რასაც მოწმობს ჭრილობის გამჭოლი ხასიათი, ხვრელოვანი მოტეხილობები, დეფექტების კონუსისებური ფორმა და მცირე ზომები, ძვლის კომპაქტური ნივთიერების კიდეებში მთლიანი ცირკულარული გადატეხა და რადიალური ნახეთქები. ნატყვიარ არხს აქვს მიმართულება: მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ და ოდნავ წინიდან უკან, რასაც მოწმობს შემავალი და გამომავალი ხვრელების ურთიერთგანლაგება. თავის დაზიანების მიყენების მომენტში იარაღის ლულის ჭრილი, საიდანაც მოხდა გასროლა, მიმართული იყო მარჯვენა საფეთქლის ძვლის მარჯვენა გვერდითი ზედაპირისკენ, რასაც მოწმობს შემავალი ცეცხლსასროლი ხვრელის ანატომიური ლოკალიზაცია. იარაღის ლულის გრძივი ორიენტაცია შეესაბამებოდა ნატყვიარი არხის მიმართულებას. ტყვია, რომლითაც თავის ქალის დაზიანებაა მიყენებული, 0,9 დიამეტრის იყო, რასაც მოწმობს შემავალი ცეცხლნასროლი ნატყვიარის ზომები. თავის ქალის აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ერთი გასროლის შედეგად, რასაც მოწმობს ერთი შემავალი, ერთი გამომავალი და ერთი ნატყვიარი არხის არსებობა. თავის ქალაზე აღმოჩენილი ცეცხლნასროლი დაზიანება შესაძლოა, მიყენებული ყოფილიყო ახლო მანძილიდან, არ არის გამორიცხული მიბჯენასთან მიახლოებული მანძილიდან, რასაც მოწმობს ახლო მანძილიდან გასროლის ნიშნების არსებობა, კერძოდ, შემავალი ხვრელის არეში და მის კიდეებზე სტიბიუმის კვალი. სტიბიუმი ტყვიის კაფსულის შედგენილობის ერთ-ერთი ქიმიური ელემენტია. თავის ქალის აღნიშნული დაზიანება შეიძლება მიყენებული ყოფილიყო საწარმოო (ქარხნული) დამზადების „მაკაროვის" პისტოლეტის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, არ გამოირიცხება ცეცხლსასროლი იარაღის სხვა სახეობებიც, მაგალითად, „სტეჩკინის" ავტომატური პისტოლეტი, „ვალტერი", „სმიტი და ვესონი", „ბერეტა", - წერია როსტოვის ექსპერტიზის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში.


​გამოცემის ინფორმაციით, რაც შეეხება ნეკნებისა და საჯდომი ძვლის მოტეხილობას, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გვამზე აღნიშნული დაზიანებები სიკვდილის შემდეგ მიწის ზემოქმედების შედეგად არის წარმოქმნილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner