logo_geo
eng_logo
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი JTEC-ს ეწვია
- +

3 აპრილი. 2017. 20:07


 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. ინე ერიქსენ სორეიდე  JTEC-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად იმყოფებოდა. ნორვეგიელ სტუმარს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გაუწიეს. ინე ერიქსენ  სორეიდემ JTEC-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.


მოგვიანებით, JTEC-ს მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა  სტუმრებს NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, სტრუქტურის, ჩატარებული წვრთნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და პაკეტით გათვალისწინებულ თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრა და  JTEC-ის მუშაობის პროცესში ყურადღება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასა და ნორვეგიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.


ბრიფინგზე სტუმრებს სიტყვით პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ  მიმართა და ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე მიაწოდა. მან ნორვეგიულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.


ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner