ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" ქალთა ორგანიზაციების შეხვედრების შესახებ ისაუბრა, რომელიც წინა კვირაში გაიმართა და აღნიშნა, რომ ძალიან მნისვნელოვანია, გაიზარდოს ქალების ჩართულობა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში
გუგული მაღრაძე ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც.
- წინა კვირას ქალთა ორგანიზაციებმა შეხვედრები მოაწყვეს, რომლებსაც თქვენც ესწრებოდით, რა საკითხები იყო განხილული?
- „რედისონში" იყო ძალიან დიდი ფორუმი - „ქალები ეკონომიკაში", რაც, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა და გამოწვევა სიღარიბეა. კვლევები და ბევრი წარმატებული ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, რომ სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ფაქტორი არის ქალთა მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობებში. მოსაზრებაში, რომ ქალებისა და მამაკაცების თანასწორი მონაწილეობა წინ სწევს ქვეყნის ეკნომიკას, გვეთანხმება იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ამას მიაღწიეს. როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში ქალებსა და მამაკაცებს შორის შემოსავალი არათანაბრად ნაწილდება, ნიშნავს იმას, რომ ქალების შემოსავალი 30%-ით ნაკლებია, ვიდრე მამაკაცების. ამიტომ არის, რომ მეტი ქალი უნდა იყოს ეკონომიკაში, მეტი ქალი უნდა იყოს მმართველობაში... ამ ფორუმმა უჩვენა, რომ საქართველოში არიან ქალბატონები, რომლებმაც დაიწყეს ბიზნესი, არჩენენ ოჯახებს, თავისი წვლილი შეაქვთ ქვეყნის კეთილდღეობაში და ჩემი მოწოდება იყო, რომ გავაფართოვოთ ეს ბიზნესი და ე.წ. ქალური ბიზნესიდან გადავიდეთ ისეთ ბიზნესში, როგორიც არის ტექნოლოგიები, ინჟინერია და სადაც უფრო დიდი დოვლათი და შემოსავალი იქნება. სიღარიბის დაძლევის გზა ჩვენნაირ ქვეყნებში, რომელსაც არ აქვს ნავთობი ან მსგავსი რესურსი, გადის სწორედ იმაზე, რომ ქალებისა და მამაკაცების მონაწილეობა თანაბარი უნდა იყოს ეკონომიკაში. მითუმეტეს, განათლების ინდექსის მიხედვით გოგონები, ქალები ჩვენს ქვეყანაში ძალიან წინ არიან.
მეორე თემა, რომელიც განიხილებოდა წინა კვირაში, ეს იყო სექსუალური შევიწროვება სამსახურებში. ჩვენ ამ საკითხს თითქოს არ გვინდა რომ შევეხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ეს პრობლემა. გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა სასწავლო-ელექტრონული კურსი, რომელიც შესაძლოა ყველა დაწესებულებაში ჩატარდეს და მას ექნება პრევენციული ღირებულება იმისათვის, რომ ადამიანებმა დაინახონ, რომ ეს პრობლემა არსებობს და ქალს არ უნდა ჰქონდეს უხერხულობა სამსახურში იმის გამო, რომ ის არის ქალი. ამ მხრივ, ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მომზადებული აქვს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რაც გაამკაცრებს ამ მოვლენას და თავის მხრივ, ეს იქნება კარგი საშუალება პრევენციისა, იმისათვის, რომ ქალი დაცული იყოს სამუშაო ადგილზეც, ქალი დაცული იყოს საჯარო სივრცეში და არ იღებდეს გარკვეულ შეზღუდვას და შეურაცხყოფას მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია.
კიდევ იყო ძალიან კარგი შეხვედრა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე. ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრი აქტიური ქალი გამოჩნდეს, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე იყო ერთი ძალიან სასიამოვნო შეხვედრა ქართველ ებრაელთა სახლში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ქალთა ორგანიზაციების წარმოამადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში წარადგინეს იმის შესახებ, თუ რა კეთდება ქალთა ორგანიზაციების მიერ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის კიდევ უფრო ასამაღლებლად.
- ვიზა-ლიბერალიზაცია 28 მარტიდან ძალაში შევიდა...
- იყო ასეთი მოსაზრებები - ეს არაფერი არ არის, ვინც დადიოდა ევროპაში, ისედაც ივლისო. ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, მარტო იმიტომ კი არა, რომ უფრო მეტი ადამიანი წავა, მთავარია ის, რომ ეს არის ქვეყნის აღიარება, როგორც ევროპული, სტაბილური, ინვესტიციებისთვის სანდო ქვეყნისა. როდესაც ნახევარმილიარდიანი ევროპა გიხსნის კარს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის აღიარებს, რომ შენთან ჩამოსვლა შეიძლება, შენი მოქალაქეების წასვლა შეიძლება იქ, რომ შენ საფრთხეს არ წარმოადგენ ცივილიზებული ქვეყნისთვის. ამასთან ერთად კარი ღიაა ინვესტიციებისთვის იმიტომ, რომ ეს კონტაქტები საშუალებას აძლევს ადამიანს, მეტი იცოდეს საქართველოზე. ჩვენი მთავარი ამოცანა ხომ ეს არის. სიღარიბის დაძლევისთვის ჩვენ გვჭირდება ბევრი ინვესტიცია. სიღარიბის დაძლევისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ადამიანების ევროპული განათლება. განათლება არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებით, არამედ იმ კუთხით, როგორია ევროპული ცხოვრების სტილი, როგორ უვლის ევროპელი თავის სამუშაო ადგილს და როგორი სამუშაო კულტურაა. როდესაც ადამიანები თავიანთი თვალით დაინახავენ ამ ყველაფერს, რაღაცები არ მოეწონებათ და რაღაცები გაუმჯობესდება ჩვენთან.
- „რუსთავი 2"-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ კადრები, სადაც თანამშრომლებზე წილების გადანაწილება მიმდინარეობდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო დეტალების ასე საჯაროდ გამოტანა და ზოგადად, „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ?
- სიმართლე გითხრათ, „რუსთავი 2"-ის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აღარ მაქვს. ვთვლი, რომ იქ მიდის ისეთი პროცესები, როგორი პროცესებიც უნდა მიდიოდეს. „რუსთავი 2" იყო ექსკლუზიური ტელევიზია. მათ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ საგადასახადოში შეღავათები, დიდი დაფინანსება და მხარდაჭერა და ეს ახლაც გამოჰყვა ინერციით, რადგან ფინანსური რესურსი მათთვის არავის შეუწყვეტია. ამასთან ერთად, იმ ექსკლუზივმა მას საშუალება მისცა, რომ ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკა, ჰყავდეს პროფესიონალები. ახლა, როდესაც მას აღარ ექნება ასეთი ექსკლუზივი, რა თქმა უნდა, პრობლემები გაუჩნდება შიგნიდან. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ სტრასბურგი ამას ძირფესვიანად გამოიკვლევს და რაღაცა შედეგი დადგება. ერთი ვიცი, რომ უზენაეს სასამართლოს რაიმე შეცდომა არ დაუშვია. მან ძირითადი აქცენტი გააკეთა ქონებრივ დავაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰქონდათ ამის საფუძველი, რადგან არცერთი მოსამართლე ჰაერზე არ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. „რუსთავი 2" არის ტენდენციური ტელევიზია, შინაარსობრივად არის ძალიან ცილისმწამებლური, ხშირად იღებს ისეთ ფაქტებს, რომელიც „მოდელირებული ქრონიკის" მსგავსია, გაგახსენებთ ვენახის აჩეხის ფაქტს და მსგავსი არა ერთი და ორია. ჩვენ გვინდა ობიექტურობა. ტელევიზიამ უნდა აჩვენოს, რა ნაკლი გვაქვს, მაგრამ აჩვენოს ისიც, რა გაკეთდა კარგი, რათა ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია და იმედი, რომ ქვეყანაში რაღაცა კეთდება. „რუსთავი 2" 2004 წლამდე მხოლოდ უარყოფითს უჩვენებდა, 2004-2012 წლამდე სულ პოზიტივი იყო საქართველოში, 2012 წლიდან სულ ნეგატივია.
- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია" და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი?
- შეიძლება, ეს იყოს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი... გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდა კაცია, პოლიტიკაში მოვიდა და დარჩენა უნდა. რა თქმა უნდა, ის გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტად პოპულარული გახდეს. უბრალოდ, ხანდახან ხდება ხოლმე ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რომელიც არ შეეფერება რეალობას. როდესაც კონსტიტუციის განხილვისკენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, უნდა გვქონდეს რაღაც პროექტი მაინც. კონსტიტუციაზე მუშაობენ კონსტიტუციონალისტები, საზოგადოებას კონსტიტუციური ნორმა უკვე ისე უნდა მიაწოდო, რომ მან გამოხატოს დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება. მანამდე ხომ უნდა იყოს შეჯერებული, რა ნორმები შედის კონსტიტუციაში. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს მოვლენებზე წინ გადახტომაა და რეალობიდან არ გამომდინარეობს. თავისთავად, ის, რომ ადამიანს უნდა, თავისი პოლიტიკური კარიერა გააგრძელოს და იყენებს ამას, ბუნებრივია, მაგრამ, ჩვენ ამ ყველაფერში ვხედავთ ძალიან დიდ პოპულიზმს. ისევე, როგორც ვეტოების დადების დროს. დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი ხედავს, რომ არის კანონპროექტები, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოში არის და კარგად დაარეგულირებს ყველაფერს, მაგრამ ადებს ვეტოებს, რათა გამოჩნდეს, რომ ის არის ფიგურა, იმიტომ, რომ მოიპოვოს მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის მხარდაჭერა. ეს პოლიტიკაში შეიძლება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისეთ ჩარჩოებს არ გასცდეს, რაც სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
- არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდეს. არის თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და თქვენ უჭერთ თუ არა მხარს?
- ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა. ვმსჯელობთ, რა არის დადებითი და რა უარყოფითი. აღმოჩნდა, რომ ბევრი ნაკლი აქვს. საქართველო მართვის თვალსაზრისით პატარა ქვეყანაა, ამიტომ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომელი იქნება უფრო ეფექტური. ეფექტური მართვა ნიშნავს იმას, რომ ხარჯი იყოს იმდენი, რომ საქმე არ გაფუჭდეს. გვჭირდება მაგალითად ონში ორი მმართველობა? არის ეს უკეთესი? ორი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ არის უკეთესი. გარდა იმისა, რომ ბევრი ხარჯია, ამასთან ერთად შეიძლება ტერიტორიაც იყოს სადავო. ჩემთვის თავის დროზეც დიდად მისაღები არ იყო, მაგრამ, მაშინ რაღაც არგუმეტები მოდიოდა, რომ ამ მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ასეთ პატარა რაიონებში, მართვის თვალსაზრისით, ჯობია, რომ ერთი მმართველი ჰყავდეს და მე ამ ჩემს მოსაზრებას უმრავლესობაშიც ვაფიქსირებ. მთავარი არის, რომ ეფექტური იყოს მართვა. ადამიანებს აქვთ შიში, რომ თანამდებობები დაეკარგებათ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება მძლავრი მექანიზმი იყოს და მეტი ფუნქცია შეითავსოს და ის ადამიანები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ, ახალ სტრუქტურაშიც გააგრძელებენ მუშაობას.
- 9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ტარდება რეფერენდუმი სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს და არის თუ არა კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმილი მმართველ გუნდში?
- ეს თავისთავად უარყოფითი მოვლენაა იმ გაგებით, რომ რუსეთი ცდილობს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას, რომ სახელიც კი აღარ იყოს. ეს მოსალოდნელი მოვლენა დაგმობილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ბრიუსელში ჩვენი ვიზიტის დროს, სპეციალურად ჩაიწერა, რომ ევროკავშირი რუსეთის ამ გადაწყვეტილებას გმობს, მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, რომ არ ჩაატარონ ასეთი რეფერენდუმი, მაგრამ რუსეთს უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენოს, როგორი გავლენიანია ცხინვალში. ამ რეფერენდუმს იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ მას არავინ ცნობს. საერთოდ, იცით, რომ აღიარების პოლიტიკაში ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს რუსეთს და დიდი მარცხი განიცადა. უამრავი ფული დახარჯა იმისთვის, რომ პატარ-პატარა ქვეყნები მაინც მოეძებნა მსოფლიოში, რომლებიც ეკონომიკურ სტიმულირებას დახარბდებოდნენ და აღიარებდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ სულ სამი ქვეყანა მოიძებნა ასეთი და ამ მხრივ, ვიტყვი, რომ ჩვენმა საგარეო სამსახურმა ძალიან კარგად იმუშავა და ყველა ქვეყანას განუმარტა, რატომ არ შეიძლება ეს. არაღიარების პოლიტიკა გრძელდება და ასეთი ტიპის რეფერენდუმის ჩატარება მნიშვნელოვან ზიანს ვერ მოგვაყენებს. ჩვენი პოლიტიკა მშვიდობიანია და ბოლომდე ასე იქნება, უბრალოდ გვინდა, რომ საქართველო იმდენად ფეხზე დადგეს, რომ მიზიდულობის მაგნიტი იყოს სამხრეთ ოსეთისთვისაც და აფხაზეთისთვისაც. ვიზა-ლიბერალიზაცია სწორედ მაგ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ აფხაზმა და ოსმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებით შეეძლება, ევროპა უფრო მისაწვდომი გახდეს მათთვის.
- 7 აპრილს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოვა. ცნობილია თუ არა იმ მინისტრების ვინაობა, ვინც გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას დაესწრება?
- ჯერჯერობით უცნობია იმ მინისტრთა კონკრეტული ვინაობა, ვინც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება. მიმაჩნია, რომ რაიმე ექსტრაორდინარული იქ არ მოხდება. ეს არის პრეზიდენტის ჩვეულებრივი, ყოველწლიური გამოსვლა. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რას იტყვის პრეზიდენტი. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რას იტყვის ოპოზიცია და ჩვენც გარკვეული მაგისტრალური ხაზი გვაქვს იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მოსახლეობას, რა გავაკეთეთ და რა ვერ გავაკეთეთ, ავუხსნათ საზოგადოებას, რა პრობლემებია და ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში. დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის გამოსვლა დებატების სახით იქნება. თუ საჭიროა, ჩვენ დებატებისთვისაც მზად ვართ. უბრალოდ, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ იმაზე, რაც ისედაც ნათელია, დრო დავკარგოთ. უმჯობესია, გავაშუქოთ ის საკითხები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს და მივაწოდოთ მათ ჩვენი ხედვა და ჩვენი შეფასება წინა წლის მუშაობასთან დაკავშირებით.
- როგორ შეაფასებთ იმას, რომ თბილისის ქუჩებში გარევაჭრობა აიკრძალა?
- საქართველოში ბოლოს და ბოლოს უნდა დამდგარიყო ეს დრო. გარემოვაჭრეობა არ არის ესთეტიკური და ჯანმრთელობისთვის დამღუპველია. რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეებს სთავაზობენ ბაზრის შიგნით შესვლას და იქ ვაჭრობას. ბოლოს და ბოლოს ცივილიზებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. თვითონ მოსახლეობაც მომთხოვნი უნდა იყოს და სურსათი გარეთ არ უნდა იყიდოს. მართალია, ადამიანები გაგვინაწყენდებიან, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ ეს ყველაფერი. რამდენადაც ვიცი, თბილისის მერიასაც აქვს შეთავაზება გარემოვაჭრეების მიმართ და ბაზრობებმაც გამოაცხადებს, რომ რაღაც შეღავათები ექნებათ. მსოფლიოში არსად არ არის გარევაჭრობა. მე თვითონ იმ ადამიანების მიკვირს, რომლებიც იქ ყიდულობენ, რადგან პროდუქტის სიჯანსაღე ძალიან მნიშვნელოვანია.
- რა ალტერნატივა არსებობს მათთვის?
- უნდა მოეწყოს დახურული ბაზრობა თავისი წყალმომარაგებით, დასუფთავებით, შემოწმებით და უნდა იყოს ისეთი გადასახადი, რომ მათთვის მტკივნეული არ იყოს. უნდა დარეგისტრირდნენ ადამიანები, ვინ რითი ვაჭრობს და აიღონ სერტიფიკატები. იქნება ეს ვაჭრობა თუ ტაქსები, უნდა მივეჩვიოთ ცივილიზებულ ნორმებს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა ენაღვლება ქალბატონ გუგულის, აწყობილი აქვს ცხოვრებაო, მარგამ ეს არ არის მარტო ერთი და ორი ადამიანისთვის, ეს მათთვისაც არის საჭირო, რომ მიეჩვიონ ვაჭრობაში სხვა ფორმას. იქ არიან ახალგაზრდა ადამიანებიც, რომლებსაც აქვთ გადამზადების საშუალება. სახელმწიფო ხარჯავს თანხას, რომ რაღაცა პროფესიები ასწავლოს ამ ადამიანებს და ასეთი შესაძლებლობები უნდა გამოიყენონ. სულ ვაჭრობაში ხომ არ იქნებიან? ეს გზაც უნდა დავანახოთ ამ ადამიანებს და ნელ-ნელა, ცივილიზებულად მოვაწესრიგოთ სიტუაცია.