საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროკურატურის სისტემის საქმიანობის სპეციფიკა, სისხლის სამართლის პროცესის ეტაპები და საქართველოს პროკურატურაში მოქმედი სტაჟირების სისტემა.
სტუდენტებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო აღლემაშვილი და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი ემზარ გაგნიძე შეხვდნენ. მომხსენებლებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ესაუბრნენ პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. ასევე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე.
ღონისძიებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ამდე სტუდენტი ესწრებოდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, სტუდენტებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.