ავტორი სალომე უერთაშვილი
„ჯერჯერობით უშუალო და პირდაპირი საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. მანვე საქართველოს ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ქვეყანას ტერაქტის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, სიფრთხილე აუცილებელია.
„უპირველესად, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო რუს ხალხს და დაღუპულთა ახლობლებს. რა თქმა უნდა, რაც მოხდა, არის საშინელება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტერაქტი ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევი გახდა. რუსეთის ტერაქტი ცოტა სხვაგვარად შეიძლება დავინახოთ, ადრეც მომხდარა რუსეთში ტერაქტები - ბესლანის ტერაქტი და მოსკოვში თეატრში განხორციელებული ტერაქტი, რომელიც სამწუხაროდ უფრო მასშტაბური და ტრაგიკული იყო, მაგრამ იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ორივე ტერაქტი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებოდა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს. ახლა, როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ირკვევა, ეს არის რუსეთის მოქალაქე, ყირგიზი წარმოშობის პიროვნება. ვარაუდობენ, რომ ტერაქტს კავშირი აქვს ისლამისტურ დაჯგუფებებთან, ანუ რუსეთში შევიდა იმპორტირებული ტერაქტი, ისეთივე, როგორიც მოხდა პარიზში, ბრიუსელში, თუ სხვაგან და სხვაგან. ანუ, სივრცე ნელ-ნელა ხდება ერთიანი.
ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილმდებარეობაც, გეოპოლოტიკური ვითარებაც და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოებაც, რადგანაც ჩვენ არ ვიცით, რამდენად ფუნდამენტალისტი იყო რუსეთის ეს მოქალაქე, არ ვიცით, სხვა ფაქტორებმა იმუშავა თუ არა, მაგრამ გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება. ამიტომ, ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არის სხვა აღმსარებლობის, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ამასთანავე გვაქვს უვიზო მიმოსვლა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. მოკლედ, ჯერჯერობით შეიძლება უშუალო და პირდაპირი საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება, მაგრამ სიფრთხილე არის აუცილებლად საჭირო, ამიტომ ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს, ყოველ შემთხვევაში, თუ სადმე არის რაიმე მსგავსი განზრახვა, აუცილებელია პრევენცია", - აცხადებს ძაბირაძე.