„არცერთი წინასწარი მონაცემი ვერდიქტი არაა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" პირდაპირ ეთერში.
„მეც და ჩვენი გუნდის ყველა წევრი დარწმუნებული ვართ და პატივს ვცემთ ნებისმიერი ჯგუფის შრომას სოციოლოგიის თვალსაზრისით, მითუმეტეს IRI-ის. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძირითადად, ჩვენ მაინც არჩევნების შედეგებს ვენდობით და ასევე ჩვენს კვლევებს, რომლებსაც არჩევნების წინ ვატარებთ ხოლმე. რასაკვირველია, შრომა დასაფასებელია, მაგრამ სანდოობის ხარისხთან დაკავშირებით, რა მოგახსენოთ. მე პირადად, არასდროს არ მაქვს ასეთი კვლევებისადმი ნდობა, რადგან ის ფაქტობრივად არასდროს ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგებს. არცერთი წინასწარი მონაცემი ვერდიქტი არაა. შეიძლება მასში რაღაც კონტურები გამოიკვეთოს და ბუნებრივია, ეს ყურადსაღებია, მაგრამ ის, რომ ეს იყოს სრულიად სანდო და ჩვენ ის სახელმძღვანელოდ ავიღოთ, ასე, რა თქმა უნდა, არ არის. ჩვენ ჩვენს კვლევებს ვეყრდნობით, როდესაც ნამდვილად ვიცით, რომ მონაცემი პირუთვნელია", - აღნიშნა ალექსანდრე ქანთარიამ.