„25 წლის წინ 31 მარტს ქართველმა ხალხმა ოსებთან და აფხაზებთან ერთად გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და ამ რეფერენდუმის შედეგია, რომ დღეს დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ, ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მოტანილი, მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა.
ჩვენ გვწამს და გვჯერა , რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა. ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენთაგანის, ვინც ამ დროს, შეიძლება არიან ახალგაზრდა მთავრობის წევრები და კარგად არ ახსოვდეთ, იყო ყველა ჩვენთაგანის გულებში, ასე, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.