ავტორი სალომე უერთაშვილი
„როდესაც ტერორისტები ტერაქტს გეგმავენ, მათი სამიზნე, როგორც წესი, დიდი ქალაქებია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა და სანკტ-პეტერბურგში განხორციელებულ ტერაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველანაირი ტიპის ტერაქტი დასაგმობია. ხუციშვილი იმედოვნებს, რომ ტერორისტების სამიზნე საქართველო არ გახდება.
„ტერაქტი არის საშინელი გამოვლინება აგრესიისა, რომელსაც არანაირი ახსნა არ აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ტიპისაა და რომელ ქვეყანაში ხდება. როგორც წესი, ტერაქტს ეწირებიან ის ადამიანები, რომლებსაც არავითარი შეხება არ აქვთ სახელმწიფო დონის გადაწყვეტილებებთან. მმართველი გუნდი ცალსახად ვგმობთ ამ ტერაქტს და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.
ვიქონიოთ დიდი იმედი, რომ ტერორისტების სამიზნე საქართველო არ გახდება. მოგეხსენებათ, როდესაც ტერორისტები ასეთ უკიდურეს ზომას გეგმავენ, მათი სამიზნე, როგორც წესი, დიდი ქალაქებია, ანუ, მათ აქვთ გათვლა, რომ რაც შეიძლება მეტი შიშის სინდრომი დანერგონ და უფრო რეზონანსული იყოს, ამიტომ ისინი ირჩევენ ევროპის დიდ ქალაქებს, ამიტომაც შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, რომ საქართველოში ასეთი რამ არ მოხდება. ტერაქტების სერია, რომელიც ევროპაში სამწუხაროდ გახშირდა, მიგვითითებს, რომ ყურადღებით უნდა იყვნენ ჩვენი შესაბამისი ორგანოები და აქ მივდივართ „მოსმენების კანონთან". დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, რა თქმა უნდა, ჩვენ სამართალდამცავებს და ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს უნდა შეეძლოთ", - აცხადებს ხუციშვილი.