ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ მასთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო:
„პრეზიდენტად რომ აირჩიეს, იმის მერე პირველ არხზე "პრეზიდენტის საათის" ავტორი და წამყვანი ვიყავი. კვირაში ერთხელ მივდიოდი და ვიწერდი გადაცემას. არ მახსოვს, მას ჩემთვის ეთქვას, რამე ამომეღო გადაცემიდან ან დამონტაჟებული მასალის ნახვა მოეთხოვა.
ერთხელ, გადაცემის ჩაწერის დროს, მასთან შეხვედრაზე მოიყვანეს არზაყან ემხვარის შვილი გიორგი ემხვარი. მოსაცდელში რომ არ მჯდარიყო, თეთრი გიორგის დარბაზში შემოაყვანინა ბატონი გიორგი. ოპერატორმა გააგრძელა მათი საუბრის ჩაწერაც. გიორგი ემხვარმა ბევრი რამ გაიხსენა კონსტანტინეს შესახებ. მერე, კონსტანტინესა და მათი ერთი ნათესავის (სიძის) დამოკიდებულებაზე უამბო ერთი ისტორია. გადაცემის ჩაწერა რომ დავამთავრეთ, მე და ამირან მურვანიძე ტელევიზიაში დავბრუნდით. ერთ საათში ზვიადი მირეკავს "მოამბის" ოთახში. სულ სხვა რაღაცა მკითხა. შევატყვე, რაღაცის თქმა უნდოდა. ეგრევე მივხვდი და ვუთხარი, ბატონო ზვიად, ბატონი გიორგი ემხვარის ნაამბობი ჩემი გადაცემის ფორმატში არ ჯდება და ამიტომ ამ ნაწილს ვერ გავუშვებ, თქვენთვის სხვა კასეტაზე გადავაწერინებ მეთქი. ძალიან კარგი იქნება, ლეილაო. ამის თქმა უნდოდა და ვერ მითხრა.
შემდეგ ჩაწერაზე რომ მივედი, მადლობის ნიშნად, კარებში გამომეგება და გაღიმებულმა ჩამომართვა ხელი."- იხსენებს ლეილა კვირიკაშვილი.