დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა: ზურაბ ქადაგიძემ და ჯაბა ჯიშკარიანმა, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა მინი-ფეხბურთში სამოყვარულო ტურნირის „NATO-ს თასი-2017" ფარგლებში გამართულ პირველ ოფიციალურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
ამხანაგური მატჩი წარმომადგენლობითი ორგანოსა და საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს გუნდებს შორის ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა და საკრებულოს გუნდის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, საკრებულოს სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი 6 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან მერვედფინალში იასპარეზებს. სპორტულ მარათონს, რომელიც NATO-ს საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, ასევე საკრებულოს წევრები - ილია ჯიშკარიანი და მანუჩარ მაჩაიძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს გუნდს გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ თბილისის საკრებულო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებებს ყოველთვის მიესალმება.
ტურნირში, რომელიც NATO-ს დაარსებიდან 68-ე წლის იუბილეს ფარგლებში იმართება, მონაწილეობას სულ 32, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, თბილისის მერიის, საელჩოებისა და სამთავრობო უწყებების სამოყვარულო გუნდები მიიღებენ.