logo_geo
eng_logo
მამა შალვა IRI-ის კვლევაზე: ყველას ეგონა, რომ მამა გიორგის დაკავების შემდეგ ხალხი ეკლესიიდან წავიდოდა, დაიცლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა
- +

5 აპრილი. 2017. 15:12



„საქართველოში ეკლესიას ასეთი ავტორიტეტი ჰქონდეს, გასაკვირი არ არის, თუმცა მავანი და მავანი ამ ავტორიტეტს ებრძვიან, რომ გაანადგურონ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა შალვა კეკელიამ განუცხადა.


მამა შალვამ კომენტარი გააკეთა IRI-ის კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს.


დეკანოზი აღნიშნულს, პირველ რიგში, პატრიარქის ავტორიტეტს და მის 40-წლიან მოღვაწეობას, ასევე იმას უკავშირებს, რომ „ადამიანები ხედავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ერის ცხოვრებაში".


ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ეკლესიაში ყველა იდეალურია და ვერც იქნება ყველა იდეალური, გამორიცხულია ეს. უფლის 12 მოწაფეში ერთი მოღალატეც იყო - იუდა, მაგრამ თვითონ ეკლესიას უდიდესი დანიშნულება აქვს. ეკლესიას ძალიან ბევრი დანგრევის პირას მისული ოჯახი ჰყავს გადარჩენილი. ძალიან ბევრ ადამიან, რომელიც თვითმკვლელობას აპირებდა, თავი არ მოუკლავს. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უმძიმეს ცოდვაში იყო - ნარკომანიის, ლოთობის ცოდვაში, ეკლესიამ მდგომარეობიდან გამოიყვანა. ამ ადამიანების ახლობლები ხედავენ, რომ ეკლესიამ მათზე იმოქმედა და მათი ცხოვრება შეცვალა. ასე რომ, საქართველოში ეკლესიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს და ეკლესიას ასეთი ავტორიტეტი ჰქონდეს, გასაკვირი არ არის. მავანი და მავანი ამ ავტორიტეტს ებრძვიან, რომ გაანადგურონ. ყველას ეგონა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ (მამა გიორგი მამალაძის დაკავება) ეკლესიიდან ხალხი წავიდოდა, დაიცლებოდა. ღვთის მადლით, ასე არ მოხდა", - განაცხადა მამა შალვამ.


დეკანოზმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ღვაწლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, პატრიარქის მოღვაწეობის შედეგად საქართველოში დანგრეული ტაძრები აღდგა და ბევრი ახალი აშენდა.


ყველამ ვიცით, როდესაც უწმინდესი პატრიარქი გახდა, ძალიან ბევრი ეკლესია დაცლილი იყო, ზოგან საკონცერტო დარბაზი, ზოგან აბანო იყო გახსნილი, ზოგი დანგრეული და განადგურებული იყო. ღვთის მადლით, პატრიარქის მოღვაწეობის შედეგად, სინოდის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოში თითქმის სოფელი არ დარჩა, სადაც ტაძარი არ აღდგენილიყოს ან ახალი არ აშენებულიყო. ხალხი ხედავს, რას აკეთებს ეკლესია თავის პრობლემებთან ერთად", - განაცხადა მამა შლვამ.


IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.


გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner