ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვას ესწრებოდა. მიქიაშვილმა პროცესზე განვითრებული მოვლენები სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერა.
„რეპორტიორი" გთავაზობთ რეპორტაჟს ბუტა რობაქიძის პროცესიდან, რომელიც ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა მოამზადა:
„თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა. სხდომას მოსამართლე დავით მგელიაშვილი უძღვება. ამირან (ბუტა) რობაქიძის ოჯახისადმი თანადგომის გამოსახატად ბევრი ადამიანი მოვიდა. დავწერ იმათ გვარებს, ვინც ვიცანი და დანარჩენებთან ვიხდი ბოდიშს.
მაშ ასე, ბუტა რობაქიძის ოჯახისადმი თანადგომის გამოსახატად მივიდნენ: ნორა კვიციანი (ფეხმტკივანი, ყავარჯნით ხელში), იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი, იური ვაზაგაშვილის მეგობარი არჩილ ქობალავა, პატრულის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე, ლაშა ჩხარტიშვილი (რომელიც გახლდათ სხდომის წინ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი), ზაზა ხატიაშვილი, ნათია კორკოტაძე, გია (კორკოტა) კორკოტაშვილი, გიორგი გურგულია, რამაზ გაგნიძე, მალხაზ თოფურია, ჯაბა ჯიშკარიანი,მიშა მუმლაძე, დაჩი ცაგურია, გიორგი ზერეკიძე, ვახო მაისაია, ნონა ფილაური, გიორგი ბერეჟიანი, დათო ფაცაცია, დავით ლორთქიფანიძე (პარლამენტარი და არა მუზეუმის დირექტორი!) და სხვები.
რაც შეეხებათ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ძალადობით, ან იარაღის მუქარით ედება ბრალად: ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძეს, დავით იაშვილს, ზაზა ბაქრაძეს. ამათგან იძებნება ზაზა ბაქრაძე, რომელსაც ზურაბ მიქაძესთან ერთად მეორე ბრალდებაც აქვს წაყენებული - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო ტარება. ბრალდებულებიდან დღევანდელ სხდომაზე ბაქრაძის გარდა ყველა იყო მობრძანებული. მათან ირაკლი ფირცხალავა იხსდის სასჯელს კორტების ე.წ. სპეცოეპრაციის საქმეზე. დანარჩენი ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
ბრალდებულების მხარდასაჭერად „ნაცზონდერები„ იყვნენ მოსულები, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. ისინი, ვინც 25 მარტს სააპელაციო სასამართლოში ვაზაგაშვილების პროცესის შემდეგ იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ (შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ანგარიშსწორებით), დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ მოსულან.
დღევანდელი სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული და ოთხის ნახევარზე დაიწყო, ბრალდების შუამდგომლობით - პროკურორებმა იშუამდგომლეს სხდომიდან გაძევებული ბუტა რობაქიძის დეიდების და პატრულის მეირ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედის გულიკო გამცემლიძის სხდომაზე დაშვება. დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ეს პოზიცია ადვოკატმა კობა კობახიძემ გაახმოვანა, ხმამაღლა და მკაფიოდ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბუტა რობაქიძის დეიდებსა და გულიკო გამცემლიძეს სხდომებზე დასწრების უფლება მისცა.
ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა წამოდგა - ჩემი შვილიც გაძევებულია და გთხოვთ, მისცეთ სხდომებზე დასწრების უფლებაო. ამ შუამდგომლობას პროკურორები დაეთანხმნენ. ფირცხალავას ქალიშვილი სხდომათა დარბაზში შემოვიდა.
ამის შემდეგ გურგენ, იგივე გურამ დონაძის შუამდგომლობა წარადგინა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა - დონაძის სასარგებლო 25-ათასიანი გირაოს ჩანაცვლება გვინდა რუსუდან დონაძის კუთვნილი სახლის დაყადაღებით, რომელიც გაცილებით ძვირად, 31 ათასად არის შეფასებულიო. ბრალდების მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა; მოსამართლემ დააკმაყოფილა.
სხდომაზე ამ წუთებში ბრალდების მოწმეები იკითხებიან. მე სხდომიდან გამოვედი, გადაუდებელი საქმის გამო და თან სპეციალურად თქვენთვის (ვინც საპატიო მიზეზით მოსვლა ვერ შეძელით) დავწერე ეს რეპორტაჟი. სასამართლოდან გამოსვლისას ვნახე პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან" დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც მითხრა, რომ ჯამბულ გამცემლიძისგან იცოდა, რომ სხდომა 16 საათზე იყო ჩანიშნული და სწორედ ამიტომ ქუთაისიდან სპეციალურად ჩამოვიდა, სხდომაზე დასასწრებად, მაგრამ დააგვიანდა. მანდატურმა მოსამართლე დავით მგელიაშვილს პარლამენტარის თხოვნა გადასცა, რომ დარბაზში შეეშვა, მაგრამ მოსამართლემ უარი თქვა - შესვენების შემდეგ შემობრძანდესო. არადა, შესვენების შემდეგ შესვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია."