logo_geo
eng_logo
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა სამ თვეში ამოქმედდება...
- +

6 აპრილი. 2017. 00:57



მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შესაძლოა, სამ თვეში ამოქმედდეს. საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ხუთ კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავენ.


თუ პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში"  შესატან ცვლილებებს იმ ფორმით დაამტკიცებს, რა ფორმითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია წარმოდგენილი, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება.


„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა გულისხმობს, იმას, რომ მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს ენიჭება 100 ქულა.


მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი სამართალდარღვევების გათვალისწინებით, მართვის მოწმობას შესაბამისი რაოდენობის ქულა დააკლდება.


ღვედის გარეშე მოძრაობა  5 ქულიან, საჭესთან მობილურით საუბარი კი - 10 ქულიან ჯარიმას ითვალისწინებს.


ზებრაზე დარღვევით გავლა და ქვეითისთვის გზის არდათმობა 10 ქულით დაჯარიმდება.


შუა ქუჩაზე პარკირება მძღოლს -  20 ქულიანი ჯარიმა დაუჯდება, ხოლო თუ მანქანა სანომრე ნიშნების გარეშე იმოძრავებს, მძღოლი 30 ქულით  დაჯარიმდება.


რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს 40-ით გადააჭარბებს, 20 ქულა ჩამოეჭრება, ნაკლები სიჩქარით გადაჭარბების შემთხვევაში კი - 10 ქულით დაჯარიმდება.


თუ მძღოლი საკუთარ მანქანას ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მყოფ სხვა ადამიანს ათხოვებს, მძღოლს 30 ქულა ჩამოეჭრება, თუ ავტომობილს თავად მართავს ნასვამი,  მას მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა, თუმცა სამ თვეში მისი აღების შანსი კვლავ მიეცემა.


„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებების თანახმად, ყოველი მომდევნო წლის 1-ელ იანვარს მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა, წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება და არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას.


თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩადენილი სამართალდარღვევების გამო, მძღოლს მართვის მოწმობის ქულათა რაოდენობა 0-მდე შეუმცირდა, ეს მართვის უფლების 6 თვის ვადით შეჩერებას გამოიწვევს.


კანონპროექტის თანახმად, მძღოლს მიეცემა შესაძლებლობა, შესაბამისი კატეგორიის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გასვლამდე აღიდგინოს მართვის უფლება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner