არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის განვითარების ისეთი დოკუმენტი უნდა იყოს, როგორც ადამიანისთვის ჯანსაღი ხერხემალი.
როგორც „სითი კვირას" გიგა ბათიაშვილმა განუცხადა, სატრანსპორტო ვითარების გამო დღეს, თბილისში არაჯანსაღი, თითქმის ჩიხური მდგომარეობაა შექმნილი. არც ერთი გზა არ არის გამჭოლი და არ აკავშირებს ქალაქის ერთ ნაწილს მეორესთან ბოლომდე.
„თბილისის ქუჩები, თუ არ ჩავთვლით 2-3 ქუჩას, ისეა გადატვირთული, რომ აღარ შეიძლება თანამედროვე ქუჩად ჩაითვალოს. დედაქალაქის ქუჩების ქსელი შექმნილია იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანები სატრანსპორტო საშუალებად ურემს იყენებდნენ. იმავე დროს ქალაქს, სადაც მდინარე მტკვარი, 40 კილომეტრის სიგრძე გაედინება, სულ 11 ხიდი აქვს. აქედან 9 ხიდი მუშაობს ქალაქზე და 2 ხიდი გარეუბნებთან აკავშირებს. ეს არის საცოდაობა", - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, გენგეგმის არ არსებობამ შექმნა აბსურდული მდგომარეობა გმირთა მოედანზეც, სადაც აშენდა ახალი, სრულიად თანამედროვე ესტაკადა და საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა დაიხარჯა.
„ეს არ იყო უცხოური ინვესტიციები, არამედ ჩვენი სახსრები. რა გამოვიდა? კიდევ უფრო მეტად გავჭედეთ ეს ზონა. გენგეგმა რომ ყოფილიყო, ის გვეტყოდა, რომ ამ ესტაკადების მშენებლობას ერთი ხიდი ააშენეთო, მაშინ მტკვრის ორივე სანაპირო ცალმხრივი მოძრაობის გახდებოდა", -ამბობს გიგა ბათიაშვილი.
მისივე თქმით, მართალია, გენგეგმის პროექტზე მუშაობის დასრულებისთანავე, ერთ -ორ წელიწადში ვითარება ვერ შეიცვლება, მაგრამ ამ დოკუმენტის წყალობით, გარკვეული პერიოდისთვის ჯანმრთელი ამოცანები დაისახება.
„განა ისე ძვირი ღირს გენგეგმა, რომ მისი გაკეთება არ შეეძლო ქვეყანას? შეეძლო რა თქმა უნდა. გაცილებით მეტი ფული დაიხარჯა უქმად, თუნდაც იგივე ესტაკადების მშენებლობაზე. ყოველი კარგი დოკუმენტი ქალაქმშენებლობისთვის, არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის. როდესაც ის არ არსებობს, მაშინ საკუთარი შეხედულებებისამებრ ცვლიან ყველაფერს. საუბედუროდ, ჩვენში ყველამ იცის ფეხბურთი და ქალაქგეგმარება, ამიტომ დღეს, არც ფეხბურთი გვაქვს და არც ქალაქგეგმარება", -განაცხადა ბათიაშვილმა.