სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მელაშვილი თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ იგი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფდა სატენდერო კომისიის და ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ ობიექტის უპრობლემო ჩაბარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი. გიორგი მელაშვილი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 2000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი მელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.