logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: გაოცებული ვარ იმ ტყუილების სიმრავლით, რაც ახლა მოვისმინე
- +

6 აპრილი. 2017. 13:18



„გაოცებული ვარ იმ ტყუილების სიმრავლით, რაც ახლა ეთერში მოვისმინე. წარმოუდგენელია პასუხის გაცემა იმ აბსოლუტურად არაადეკვატურ ბრალდებებზე, რაც გაისმა. ასეთი ზედაპირული საუბარი და საკითხის ან პრობლემის სიღრმეში ასეთი ჩაუხედაობა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო", - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში საუბრისას განაცხადა.


მიხეილ გიორგაძე გადაცემაში კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის პროტესტსა და განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, კულტურის სამინისტრო დღეს ხელოვანი ხალხისთვის დახურულია. ასევე მათი პროტესტი შეეხებოდა რეგიონში თეატრების დაფინანსების შემცირებას.


„ძალიან ვწუხვარ, რომ სწორედ რეგიონული თეატრების ხელმძღვანელები არ გყავდათ მოწვეული ამ გადაცემაში. ვფიქრობ, სურათი სულ სხვანაირი გამოჩნდებოდა, რომ გეკითხათ იმავე ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელისთვის, სენაკის, ახალციხის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელებისთვის, თუ რა კეთდება, როგორ კეთდება და რა მხარდაჭერა აქვთ მათ, გნებავთ საგასტროლო ნაწილში, გნებავთ სადადგმო ნაწილში. ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ფული საკმარისი არ არის, ამას საქართველსო კულტურის მინისტრი კი არა, ევროპის ნებისმიერი ქვეყნის კულტურის მინისტრი გეტყვით, რომ დიახ, კულტურაზე თანხა არ გვყოფნის.

 

როდესაც ვსაუბრობთ, რომ თეატრები საკმარისი ყურადღებით არ სარგებლობენ კულტურის სამინისტროს მხრიდან, ამაშიც ვერ დავეთანხმები ვერავის. მე დავაბრუნებდი კითხვას შემდეგნაირად: არა მხოლოდ თეატრები, ზოგადად სსიპ-ები, რომლებიც არსებობენ კულტურის სამინისტროს სისტემაში, რას აკეთებენ იმისთვის, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები მოიძიონ და არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე? შეგახსენებთ, სსიპ-ები იმიტომ იქმნება, რომ ისინი ორიენტირებულნი იყვნენ საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე, ეს იქნება ბილეთების გაყიდვა თუ სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა. ერთადერთი თეატრი, რომელმაც შესაძლებლობა გამოიყენა და მიიღო პროექტის დაფინანსება, გახლავთ მარჯანიშვილის თეატრი", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner