„ახლა ვმუშაობთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის პოლონეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის ქვეყნებთან და აქ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება რეალისტურია. განსაკუთრებული მოთხოვნაა შემდუღებლებზე, მშენებლებსა და ექთნებზე" , - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.
„ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ არალეგალებს საქართველოში, რა თქმა უნდა, არ დააბრუნებენ. ეს ამ ადამიანებს არ ეხებათ! ცხადია, უმჯობესია, ლეგალურად იყვნენ და კანონი არ დაარღვიონ. არ იფიქროთ, რადგან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, ქართველებზე ნადირობა დაიწყება! ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში ლეგალურად შეძლონ მუშაობა, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. ძირითადად, ეს ორმხრივი შეთანხმების შედეგად ხდება ცალკეულ ქვეყნებთან, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის შიდამოწყობასა და ჰარმონიზაციასთან, როგორც კანონმდებლობის, ისე აღმასრულებელ დონეზე. მაგალითად, როცა ემიგრანტი საზღვარგარეთ იწყებს მუშაობას კონკრეტული სპეციფიკით, მას ხვდება გამართული სოციალური და საპენსიო სისტემა. შესაბამისად, ჩვენც ვალდებულები ვართ, ანალოგიური სისტემები გვქონდეს. საპენსიო რეფორმა უკვე დავიწყეთ და გვინდა, ამ ტიპის სოციალური პროგრამები ჰარმონიზაციაში იყოს ევროკავშირთან. ახლა ვმუშაობთ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის პოლონეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის ქვეყნებთან და აქ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება რეალისტურია. გარკვეული პროფესიები უკვე გამოკვეთილია, თუმცა, დრო გვჭირდება, რომ ქვეყნებმა, თავისი საჭიროებისამებრ მოთხოვნები წამოგვიყენონ. ამ ეტაპზე, განსაკუთრებული მოთხოვნაა შემდუღებლებზე, მშენებლებსა და ექთნებზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მომავალში მოთხოვნა მეტ პროფესიაზე გაჩნდეს. რეალურად, ამას საფრთხეც ახლავს, რადგან პირველ რიგში, ამ პროცესს კადრების, სამუშაო ხელის გადინება მოჰყვება. ჩვენი ეკონომიკური წინსვლა და განვითარება აუცილებლად მოითხოვს ჩვენივე მუშახელის ყოლას. პირიქით, შესაძლოა, მეტი ადამიანიც კი დაგვჭირდეს. ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი გადინების წინააღმდეგი ვარ, თუმცა, თუ ამ პროცესს თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განვახორციელებთ, მხარს დავუჭერ. დასაქმების მიზნით წასული მოქალაქე უკან უნდა დაბრუნდეს და ეს წინაპირობა ყველა შეთანხმებაშია", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.