„როგორ უნდა ავაშენოთ ასეთი ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.
„სულ გვესმოდა, რომ ხალხთან დავკარგეთ კონტაქტი და რომ ამომრჩეველი იმედგაცრუებულია. საინტერესოა, პრეზიდენტის ეს განცხადება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც ხომ არ ეხება?! ამ განცხადებას არ განვიხილავ როგორც ბრალდებას, რადგან ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ხალხთან. ძალიან მალე არჩევნები მოდის და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს უფრო მეტი კომუნიკაცია ამომრჩეველთან. მოდით, ეს საკითხი არჩევნებს მივანდოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ტრაბახს არ დავიწყებთ, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ფორმატს, იქ წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური ძალა, რომელმაც მეტ-ნაკლებად სერიოზული შედეგი დადო არჩევნებზე. 3%-ზე მეტი ვინც მოიპოვა, ყველაა იქ წარმოდგენილი. ის, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, არამარტო ჩვენთვის იყო გასაკვირი, არამედ ექსპერტებისთვის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის და ა.შ. მე თანამოაზრე ვარ პრეზიდენტის სურვილში, თუ როგორი ქვეყანა უნდა მას - სადაც იქნება მაქსიმალური დემოკრატია, მაღალი პენსია, განვითარებული ეკონომიკა და ყველა მოქალაქე დაცული. ცხადია, რომ ასეთი ქვეყანა მეც მინდა. მაგრამ როგორ უნდა ავაშენოთ ასეთი ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს თავის მოხსენებაში. პრეზიდენტს ვეთანხმები იმაშიც, რომ მედია უპრეცედენტოდ აქტიურია, რადგან სწორედ ასეთი იყო „ქართული ოცნების" ნება. ასეთი პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში ეს ვერ მოხდებოდა" , - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.