რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად სირიაში არსებული სიტუაცია განიხილა.
„აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სირიაში არსებული სიტუაციის დეტალური განხილვა შედგა. ვაშინგტონის ქმედებები კიდევ ერთხელ კვალიფიცირებული იყო როგორც აგრესია, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე „ღრმა აღშფოთება გამოთქვეს მსგავსი აგრესიული ქმედებების გარდაუვალი შედეგების გამო".
„ასევე მწუხარება გამოთქვეს იმ ზიანის გამო, რომელიც რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს მიადგება. სხდომაზე ასევე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რაც რუსეთის მიერ სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელებას უკავშირდება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.