#დაზოგეწყალი - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტში მონაწილე 16 სკოლაში #gwp ოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის ფარგლებში, gwp-ის და არასამთავრებო ორგანიზაცია „ეკოხედვის" წარმომადგენლები შემეცნებით ტრენინგებს და ეკოვიქტორინებს ატარებენ.
პროექტში მონაწილე ბავშვები წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას ეცნობიან. მიღებული ცოდნის შესაფასებლად ეკოვიქტორინები ტარდება და თითოეული სკოლიდან ოლიმპიადაში მონაწილე გუნდი ჩამოყალიბდება.
აღნიშნული საგანმანათლებლო ტრენინგების შემდეგ, gwp ოლიმპიადის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობაში შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის" საგზურით დაჯილდოვდება.
აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.