„ოპოზიციის წარმომადგენებლისან ახალი და კონსტრუქციული არაფერი მომისმენია. ჩემდა სამწუხაროდ ის შეფასებები, რომელიც ახლა პარლამენტში მოვისმინე, ეფუძნებოდა ძირითადად დამახინჯებულ ფაქტებს, დემაგოგიას, უსაფუძვლო კრიტიკას, ეს თქვენი არჩევანია ძვირფასო ოპოზიციის წარმომადგენლებო, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული იდალოგისთვის და თანამშრომლობისთვის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. კახიანმა ასევე დასძინა, რომ მიუხედავად კონსტრუქციული თანამშრომლობისა ისინი ოკუპირებული ტერიტორიებში არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკას ვერ მიიღებენ.
„ოკუპირებული ტერიტორიებში არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკას ვერ მივიღებ იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც ვერც კი ათვითცნობიერებს, რომ ის, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება მათი უგნური პოლიტიკის შედეგია. ვერ მივიღებ კრიტიკას მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე იმ გუნდისგან, რომელიც ფაქტიურად პირდაპირ ეთერში ხურავდა და არღვევდა მედია საშუალებებს. ვერ მივიღებ კრიტიკას იმ გუნდისგან, რომლის დროსაც ტოტალური ხასიათი ჰქონდა ადამიანების უფლებების დარღვევას. ეს ჩამონათვალი შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ საზოგადოებისთვის ისეც ყველაფერი ცნობილია.
ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ სახელმწიფო დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია სახელმწიფო ინსტიტუტების წარმატებულ ფუნქციონიერებაზეა დამოკიდებული. ამ სისტემაში უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტის როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის. დიახ, კონსტიტუციური სტატუსი ავალდებულებს პრეზიდენტს დადგეს პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა. თვითონ კი არ იწვევდეს დაპირისპირებას, არამედ არბიტრის ფუნქციიდან გამომდინარე, პოლიტიკური კრიზისების კონფლიქტების შემთხვევაში ანეიტრალებდეს მას. სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების უზრუნველყოფა პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა. არ შეიძლება ინსტიტუციათა კინკლაობა პოლიტიკური დივიდენტების მოხვეჭის საგნად ვაქციოთ, ეს შეიძლება პოლიტიკური შედეგის მომტანი იყოს ვინმესთვის, მაგრამ ეს დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის.
საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, გამოვყოფდი კონსიტუციურ რეფორმას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევიმუშაოთ ისეთი პროექტი რომ ცვლილებები განვახორციელოთ კონსტიტუციაში, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნნელოვან საფუძვლებს შეუქმნის. ვწუხვარ, რომ ამ პროცესებში პრეზიდენტი მონაწილეობას არ იღებს. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ამ პროცესში. სამწუხაროა, რომ ის დაპირისპირების ფონი რომელით თითქოს პარლამენტს და პრეზიდენტს შორის იგრძნობოდა სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგია რაც გამოხატებოდა პრეზიდენტის უარით კონსტიტუციური რეფორმის პროცესში მონაწილეობაზე და ბუნებრივია ამან თავის უარყოფითი შედეგები ჰონდა.
როდესაც საუბრობენ, რომ ხელისუფლება ჩაიკეტა და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მე შეგახსენებთ, რომ სწორედ ღია მმართველობის ნაწილში ხელისუფლება იყო და არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.