7 აპრილს, ნატო-ს დღეებისა და შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.
სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან NATO-ს მიზნებისა და ამოცანების, კავკასიაში NATO-ს როლის, NATO-საქართველოს თანამშრომლობისა და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, სარგებლობის წესებსა და აღნიშნული პროცესის შედეგად გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე.
საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვიქტორ დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ღონისძიებას, აკადემიის სტუდენტებთან ერთად შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შსს-ს აკადემიაში სტუმრობისას სახელმწიფო მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესორ-მასწავლებლებს გაესაუბრა.