logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: პრეზიდენტის პრეტენზიები უკვე მასკარადს ემსგავსება
- +

7 აპრილი. 2017. 21:22



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბარში პრეზიდენტისა და პარლამენტის ბოლოდროინდელ ურთიერთობას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, ხელისუფლების მიმართ კრიზისები შექმნას.


ნიკოლოზ მჟავანაძე ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც.

 

- 28 მარტიდან ვიზა-ლიბერალიზაცია ძალაში შევიდა... თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის?


- რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია საქართველოსთვის. მართალია, ჩვენ ამ ვიზებით ვერც სამუშაოდ წავალთ უცხოეთში, ვერც დიდი ხნით დავრჩებით, მაგრამ ავცდებით იმ გრძელვადიან პროცედურებს, რომელიც დაკავშირებულია რიგში დგომასთან და ფინანსურ ხარჯებთან. ვიზა-ლიბერალიზაციით საქართველო მიმზიდველი გახდა ოკუპირებული ტერიტორიებისთვისაც. როდესაც C ჰეპატიტის პროგრამა ამოქმედდა, ბევრმა აფხაზმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, რათა ამ პროგრამით ესარგებლა, რადგან ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ახლაც არის გარკვეული საფუძველი იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა რაღაც ნაბიჯები გადმოდგან. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარისი, მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ ჩვენ მათი გულები დავიბრუნოთ. ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ვიზა-ლიბერალიზაცია. ერთი ფაქტია, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, ის რეფორმები, რომლების ჩატარებაც მოგვთხოვეს, წარმატებით ჩატარდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

 

- „ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა... თქვენი აზრით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?


- გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა. „ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელების მხრიდან განცხადებები ისმის, რომ ჩვენ უკლებლივ ყველა ადამიანს ავუნაზღაურებთ ზარალსო. აუცილებელი ხომ არ იყო, დაეჭირათ, აქამდე რატომ არ გაინძრნენ? თქვეს, რომ 2008 წელს შეგვეხო პრობლემაო და 2008 წლის შემდეგ გავიდა 8 წელი. 8 წლის განმავლობაში დაცინვის და აბუჩად აგდების მეტი „ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ადამიანებს არაფერი უგრძვნიათ. სამართლიანობა უნდა აღდგეს ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც მთელი ცხოვრება სადღაც მონურ ვითარებაში მუშაობდა, რომ ბოლოს ბინა ეყიდა და აღმოჩნდა, რომ ის ფულიც ვიღაცებმა შეჭამეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა.

 

- ბოლო პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პარლამენტს შორის ხშირია დაძაბულობა, როგორ შეაფასებთ ამას და ასევე, პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია"?


- საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიზისები შექმნას. ყველა ქვეყანაში პრეზიდენტი არის იმისთვის, რომ კრიზისები განმუხტოს და ეს კაცი კი პირიქით იქცევა. კანონით მას უფლება ჰქონდა, თავისი წარმომადგენლობა ჰყოლოდა საკონსტიტუციო კომისიაში. თუმცა, კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვა და ცდილობს, გარეთ გაიტანოს განხილვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მცდელობა იმისა, რომ კრიჭაში ჩაუდგეს ხელისუფლებას. ეს უკმაყოფილებები და პრეტენზიები უკვე მასკარადს ემსგავსება. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ როდესაც ქვეყანაში პრობლემებია, პასუხს არა პრეზიდენტს, არამედ პრემიერს სთხოვენ. პრეზიდენტი მხოლოდ თავისი განცხადებებით შემოიფარგლება, რომელიც სიცილის მომგვრელია და სხვა არაფერი. პრეზიდენტი, რომელიც უშიშროების და ქვეყნის უსაფრთხოების განმამტკიცებელი უნდა იყოს, პირიქით, ქვეყნის უსაფრთხოებას უთხრის ძირს. მისი ქმედებები არცერთ ლოგიკაში არ ჯდება და საკმაოდ გაუგებარი და გაუგონარია.


- რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა კადრები, სადაც თანამშრომლებზე  წილების გადანაწილება ვნახეთ, როგორ შეაფასებთ ამას?


- ეგ იგივეა, მე რომ ავდგე და CNN-ის და BBC-ის აქციები დავურიგო ვიღაცებს. რა შუაშია ამ აქციების დარიგება, როდესაც „რუსთავი 2"-ს არ ეკუთვნის ეს წილები. უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა. აქედან გამომდინარე, რა წილებს არიგებენ, ვერ ვხვდები, ეს უბრალოდ სასაცილოა. ან რატომ გაუკვირდათ, რომ დვალმა „რუსთავი 2"-ის საიტი გათიშა? მისია და უნდა გათიშავს და უნდა არა. სხვის ქონებაზე და სხვის პროდუქციაზე შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გავლენა? სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. „რუსთავი 2"-ის ეთერში ეს სცენა რომ დავინახე, მეგონა „კომედი შოუს" სკეტჩი იყო... ვფიქრობ, ეს არის ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულობის დამადასტურებელი ამ ტელეკომპანიის მხრიდან.


- 3 აპრილიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქუჩების დანაგვიანებისთვის დააჯარიმებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს აღნიშნული რეგულაცია?


- ეს ფაქტი მისასალმებელია. საქართველოში ჯარიმებისა და იძულების გარეშე არცერთი პრობლემა არ აღმოფხვრილა. მაგალითად, უსაფრთხოების ღვედს მანქანაში არავინ იკეთებდა, სანამ ჯარიმა არ დაწესდა. ადამიანები თუ არ დაჯარიმდნენ, ისე არაფერს არ გააკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები ყველგან დგას, ვხედავთ, რომ ქუჩები მაინც დანაგვიანებულია. თბილისი უნდა იყოს სუფთა ქალაქი და არ უნდა ჰგავდეს ისეთ ქვეყნებს, სადაც ამ კუთხით უწესრიგობაა.


- გარევაჭრობა აიკრძალა... როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება?


- გარემოვაჭრეებს ყველანაირი პირობა უნდა შეექმნათ იმისათვის, რომ გადავიდნენ სავაჭრო ობიექტებში, შესაძლებელია, რომ შეღავათებთან ერთად, რაღაც პერიოდი არ გაადაახდევინონ თანხა. გარევაჭრობის აღკვეთა აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ამით გარკვეულ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვარდება ის, ვინც ბაზრობაზე ვაჭრობს. ისინი თუ იხდიან გადასახადს, ამათ რატომ არ უნდა გადაიხადონ? რამე იმუნიტეტით სარგებლობენ? გამოვლენ ახლა რიგი პოლიტიკური პარტიები და იტყვიან, მშიერმა ხალხმა რა ქნასო. ბაზარი იმისთვის არის, რომ ბაზარში ივაჭრო. შეიძლება, ადამიანმა ხორცით და ყველით გარეთ ივაჭროს? შეიძლება, მთელი თბილისის ქუჩები დაემსგავსოს ერთ სავაჭრო დახლს?


- სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იგეგმება... ამ იდეას საზოგადოებაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გამართლებული სამთავრობო ქალაქის ორთაჭალაში აშენება?


- ოპოზიცია ყველაფერს ძალიან ცუდად და აგრესიულად უყურებს, ჯერ არც გაუგიათ და უკვე კრიტიკას იწყებენ. ალბათ იტყვიან, პრივილეგია მოუნდათო. წესით, სადაც არიან ეს უფრო პრივილეგიაა მათთვის იმიტომ, რომ სად ვაკეში და საბურთალოზე რომ იქნება სამინისტროები და სად ორთაჭალაში. ის ადგილები, სადაც სამინისტროებია, გადაეცემა კერძო ინვესტორებს  მაგალითად, სასტუმროებისთვის და ეს თანხები აკუმულირდება, მისასალმებელია. სახელმწიფო მოიგებს იმით, რომ ყოფილი სამინისტროების შენობებში გაიხსნება უმაღლესი დონის სასტუმროები, ისეთი ობიექტები, რომლებიც ტურისტებსაც მოიზიდავს და ჩვენი ქალაქისთვისაც უფრო მომგებიანი იქნება. ეს ერთ და ორ დღეში ვერ განხორციელდება და გრძელვადიანი პროექტია. ყველაფერი უნდა გადაწყდეს აწონ-დაწონვის შემდეგ, რადგან ისედაც მძიმე სოციალურ ფონია ჩვენს ქვეყანაში და ეს პროექტი ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner