logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: დარიალჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი
- +

8 აპრილი. 2017. 14:36


 

„დარიალჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება  2,5 მლნ ლარი და ამავე დროს,  მნიშნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე  ადგილობრივი მცხოვრები", -   განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დარიალჰესის ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი. მისი თქმით, პროექტი, ასევე, ქმნის მილიონობით ლარის ღირებულების ყოველწლიური შემოსავლის წყაროს ქვეყნის ბიუჯეტისთვის.


„ესაა საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ვმუშაობთ საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის მოდელის ჩარჩო კანონის შემუშავებაზე, რომელიც საქართველოში გაზრდის ინვესტიციებს მსხვილ პროექტებში, მათ შორის, ინფრასტრუქტურაშიც", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


დარიალჰესის მშენებლობაზე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჰესის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ იქნება. სადგურს ასევე აქვს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სადერევაციო გვირაბი, რომლის სიგრძე 5 კმ-ია.


კომპანია ასევე ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 200 ჰა-მდე ტყის განაშენიანებას, რაც გულისხმობს 400 000 ნერგის დარგვას. სანერგეს მოწყობა დაიწყო 2015 წელს, ხოლო დარგვის პროცესი 2016 წლის ოქტომბერში. შერჩეულია გარემოსთან ყველაზე თავსებადი ხის ადგილობრივი სახეობები. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე დარგულია 100 000 ნერგი. ტყის განაშენიანების პროცესი 2021 წელს დასრულდება. პროექტში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner