logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: თუ ასეთ პირობებში ვინმე მაინც მაგარ გაკვეთილებს ატარებს, დიმიტრი ყოფილა, გელოვანი
- +

8 აპრილი. 2017. 16:53


 

„გვინდა, მასწავლებელი გადაიქცეს გულშემატკივრად. ბავშვთან ურთიერთობის მეტი დრო და ხალისი უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „ვერსიასთან"განაცხადა. მინისტრმა სასკოლო რეფორმებზე ისაუბრა და მასწავლებლებს ხელფასისა და დანამატების მომატებას დაჰპირდა. ასევე ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის უფრო სახალისოდ ქცევის მექანიზმებზე.

 

„დღეს პედაგოგს ბევრი ე.წ. ბიუროკრატიული ვალდებულება აქვს, რაც უნდა შევცვალოთ - ბავშვთან ურთიერთობის მეტი დრო და ხალისი უნდა ჰქონდეს, კარგ ხასიათზე და ბედნიერი იყოს. პატრიარქმა მითხრა ერთხელ, როცა ამ რეფორმით დაინტერესდა, ქიმია არ მიყვარდა, რადგან არ მიყვარდა მასწავლებელი. შეიცვალა მასწავლებელი და შემიყვარდა საგანიცო. მასწავლებლები ხელფასითაც კმაყოფილი უნდა იყვნენ, ამიტომ, როგორც ვგეგმავდით, საბაზო ხელფასი, დანამატები გაიზრდება.

ინფრასტრუქტურაც უმთავრესია, თუ  ეს არ გაქვს, სამინისტროდან მუშტებს თუ უქნევ, ხელფასი არ არის კარგი და წიგნი და ტექნოლოგია, მასწავლებელს რას სთხოვ? თუ ასეთ პირობებში ვინმე მაინც მაგარ გაკვეთილებს ატარებს, დიმიტრი ყოფილა, გელოვანი.

ვოცნებობ, ნებისმიერ სოფელში იყოს სკოლა, სადაც შეხვალ და გული გაგინათდება. სამწუხაროდ, სოფლები დაცარიელდა. შენობები დიდია და ცოტა მოსწავლე დადის. არის საშუალება, სკოლა სოფლის ცენტრად იქცეს. საბავშვო ბაღიც იქვე იყოს, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკაც მთელი სოფლისთვის იყოს ხელმისაწვდომი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


ჯეჯელავა ასევე შეეხო სახელმძღვანელოების საკითხს და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოები ყოველ წელს უნდა იცვლებოდეს. ამასთანავე, მან ვარაუდი გამოთქვა, რომ პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული, ასევე კერძო და საჯარო სკოლები შეძლებენ პარტნიორობას.

„ჩვენ დროში სანამ ამთავრებ სახემძღვანელოების წერას, უკვე მოძველებულია. უნდა მოვახერხოთ, რომ ყოველ წელს ჩნდებოდეს ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც დარჩება უფასოდ და მათ გამომცემლები დაამზადებენ.

ზოგ სკოლაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სკოლას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კი არა, იმიჯის მიხედვით ირჩევენ. გვინდა, პოპულარულ სკოლებს ახლომდებარე ნაკლებპოპულარული სკოლები „მივუერთოთ". ისინი ერთ ქსელში, ბრენდული სკოლის პარტნიორები იქნებიან. ასევე გვინდა მოვსინჯოთ კერძო და საჯარო სკოლების პარტნიორობა, რაც ვფიქრობ, დადებით შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner