„გვაქვს სერიოზული შანსი, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა და საქართველო ამას აუცილებლად მიაღწევს", - ასე ეხმაურება „ახალი მემარჯვენეების" წევრი მანანა ნაჭყებია ჯეიმს აპატურაის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო MAP-ს არ მიიღებს. ნაჭყებიას თქმით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსი დიდია.
„დღეს ძალიან ბევრი საუბრობს, რომ NATO-მ კვლავ უარი გვითხრა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" პირობებში ვამბობდით, რომ თუ არ იქნებოდა ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები, არ უნდა გვეოცნება არც ევროკავშირზე და არც NATO-ზე, იმავეს ვამბობთ ახლაც. ნურავის ჰგონია, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის" დადგენილი წესები და „ქართულმა ოცნებამ" არ უნდა გაითვალისწინოს. ეს მოთხოვნები ძალაშია. აბსოლუტურად მესმის იმ დემოკრატიული სახელმწიფოების, რომლებიც ამ ეტაპზე, შედარებით თავშეკავებულად უყურებენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.
თუმცა, ამერიკის ელჩის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ საქართველოსთვის NATO-ს კარი კვლავ ღიაა. გვაქვს სერიოზული შანსი, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა და საქართველო ამას აუცილებლად მიაღწევს", - განაცხადა ნაჭყებიამ.