logo_geo
eng_logo
გიორგი ჩუბინიძე: ერთი ოჯახის ისტორია...
- +

9 აპრილი. 2017. 21:19


 

გიორგი ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი ოჯახის ისტორია:

გაზეთ ,,ივერიის" 1898 წლის აპრილის ნომერში ვკითხულობთ სამგლოვიარო განცხადებას, სადაც დასახელებული პირები მწუხარებით აუწყებენ ნათესავ-ახლობლებს გენერალ-მაიორის დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილის გარდაცვალებას. მისი გამოსვენების ცერემონიალი 21 აპრილს ქაშუეთის ეკლესიიდან მომხდარა და იგი ოსიაურში, საგვარეულო სამარხში დაუკრძალავთ. მის გვერდითვე განისვენებს მისი სიმამრი - მელიტონ ბარათაშვილი.

საინტერესოა დიმიტრი ვეზირიშვილის ოჯახის ისტორია, რომელიც ერთგვარად აცოცხლებს იმ ეპოქის ყოფის საინტერესო ეპიზოდებს, მაშინდელი ინტელიგენციის კავშირ-ურთიერთობებს და ა.შ.

კნეინა ბარბარე (ბაბალე) მელიტონის ასული ვეზირიშვილისა, როგორც ამ ტექსტშია წარმოდგენილი გახლდათ დიდი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და.

ტატოს დები ჯერ ძმის და შემდეგ დედის - ეფემია ორბელიანის გარდაცვალების შემდეგ გათხოვდნენ. მათ ძლიერ დიდ ყურადღებას აქცევდა ბიძა, გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც საკუთარი დის შვილების კეთილდღეობა დაისახა მიზნად. 1856 წელს ბარბალემ და დიმიტრიმ იქორწინეს და სამი შვილი შეეძინათ: ნინო, გიორგი და ელისაბედი.

გენერალ-მაიორი სიძის ოჯახს ხშირად სტუმრობდა მელიტონ ბარათაშვილი. როგორც შესაბამისი ლიტერატურიდან ვეცნობით, მისი ცოლის, ეფემია ორბელიანის ძმა გრიგოლ ორბელიანი აღნიშნავს, იყო ,,მყვირალა და ანჩხლი". მელიტონის მამა, ნიკო ბარათაშვილი (გარდ. 1803 წელს) ანტირუსული ორიენტაციის პიროვნება ყოფილა და სიცოცხლის ბოლომდე არ შერიგებია რუსულ იმპერიალისტურ პოლიტიკას. მელიტონი კი შემრიგებლური პოლიტიკით გამოირჩეოდა. ის კარგად ფლობდა რუსულსა და აღმოსავლურ ენებს, ამიტომ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ახერხებდა. მან ჯერ მაიორის ჩინს მიაღწია, ხოლო შემდეგ სამოქალაქო სამსახურში გადაინაცვლა. უმუშავია საიდუმლო მრჩევლადა და თარჯიმნად, ხოლო შემდგომ თბილისის თავადაზნაურთა წინამძღოლადაც დაწინაურებულა. მელიტონი 1837 წელს საქართველოში ჩამობრძანებული რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის თარჯიმანიც ყოფილა. მელიტონს ორი ვაჟი (ნიკოლოზ ბარათაშვილი და დავითი, რომელიც მცირეწლოვანი გარდაცვლილა) და ოთხი ქალიშვილი (ეკატერინე, ბაბალე, ნინო (ნინუცა), სოფიო (აპლიპუტილა) ჰყოლია. მელიტონ ბარათაშვილი 1860 წლის ზამთარს, ოსიაურში, ქალიშვილის, ბაბალე და დიმიტრი ვეზირიშვილის ოჯახში, ვეზირიშვილების სასახლეში ატარებდა და იქვე გარდაცვლილა. იგი დაკრძალულია სოფელ ოსიაურის სასაფლაოზე.

დიმიტრისა და ბაბალეს ქალიშვილი ნინო 80-იან წლებში ცოლად გაჰყვა ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს. ივანე მაჩაბლის ძმას. ისინი თამარაშენში ცხოვრობდნენ, ვიდრე 1892 წელს ნინო მძიმე სენმა არ იმსხვერპლა. სოფელში ხოლერა გაჩნდა, ნინო დაავადებულ თანასოფლელებს ეხმარებოდა, მაგრამ მასაც შეეყარა და სულ მალე გარდაიცვალა. ვასო მაჩაბელსა და ნინო ვეზირიშვილს ერთი ვაჟი დარჩათ, გიორგი ვასილის ძე მაჩაბელი. ეს ის გიორგია შემდგომ ემიგრაციაში, რომ აღმოჩნდა და სუნამოების კომპანია ,,პრინცი მაჩაბელი" დააარსა. გიორგი მაჩაბელი ნიუ-იორკში 1935 წლის 31 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა, შთამომავლობა არ დარჩენია.

ვეზირიშვილების სასახლე სოფელ ოსიაურში, საქართველოს გასაბჭოების პერიოდში დაიკავეს ბოლშევიკებმა, იქ მცხოვრები ვეზირიშვილები ამოწყვიტეს და გადარჩენა მხოლოდ ერთმა ოჯახმა მოახერხა. ბოლშევიკების მიერ დაღვრილი სისხლი დიდხანს აჩნდა შენობის იატაკს, სადაც გასული საუკუნის 70-იან წლებამდე სკოლა იყო განთავსებული. დღეს შენობა ნგრევის პირასაა და რომ არა ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობა ეს ისტორია სახლთან ერთად დაიკარგებოდა. 2015 წლის 3 აპრილს ვეზირიშვილების სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ამ დრომდე ველით შენობის კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ქცევას", - წერს გიორგი ჩუბინიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner