logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: 600 000-მდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს
- +

10 აპრილი. 2017. 13:33



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი, ძირითადად, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ბრონქეალური ასთმა აწუხებთ, 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ.


მისი თქმით, საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხანგრძლივად, ან ცხოვრების ბოლომდე ესაჭიროებათ.


ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის ამბულატორულ მედიკამენტებზე წვდომა. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც ადამიანებმა ხანგრძლივად ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

ძალიან მალე ამოქმედდება კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების მიწოდებას. მათ შორის, საუბარია გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალული სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებზე.

 

რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. პროგრამა განხორციელდება შემდეგნაირად: სახელმწიფო აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას; აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტს, რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ხარისხის კონტროლის სერთიფიკატი ამა თუ იმ მედიკამენტებისთვის.

ლაბორატორიულ კონტროლი პირველ ეტაპზე განხორციელდება უცხოურ ლაბორატორიებში გამომდინარე იქდან, რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს.

გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და პირობები იქნება თანაბარი როგორც საქართველოს ფარმაცევტული კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


მისივე თქმით, აქამდე თუ პენსიონერი თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდებათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner