logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: რესპუბლიკური პარტია ცდილობს, უხარისხო თამაშის პირობებში, რაღაც სახე შეინარჩუნოს
- +

1 აპრილი. 2016. 11:50



ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი განცხადებით საკუთარ ამბიციებს გაუსვა ხაზი.



ექსპერტი მიიჩნევს, რომ უპასუხისმგებლობაა „რესპუბლიკელების" განცხადება - კოალიციაში სიტუაციის წარმართვა მათი პარტიის დღის წესრიგის მიხედვით განხორციელდეს, რადგან ამ შემთხვევაში, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კოალიციის დანარჩენ შემადგენლობასაც აქვს.



ეს მათი არჩევანია. პრინციპში რესპუბლიკურ პარტიას ახალი არაფერი უთქვამს. ეს არის ის მოდელი, რასაც ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ამ ერთი კვირის განმავლობაში გვეუბნებოდნენ და ახლა შეეცადნენ, რომ ყველაფრისთვის თავი მოეყარათ და ერთად ჩამოეყალიბებინათ. ისინი ამბობენ, რომ თანამდებობებს არ დატოვებენ, მაგრამ არჩევნებისთვის ინდივიდუალურად ემზადებიან. ქართული სინამდვილისთვის ეს ცოტა უცნაური მოდელია, მაგრამ ასეა. განსაკუთრებით სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ სამთავრობო თანამდებობებს არ დატოვებენ და თავისი პარტიული, პოლიტიკური დღის წესრიგით მოიქცევიან. გავიგეთ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ სხვას აღარ ეკითხებიან?! სხვასაც ხომ შეიძლება ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი, რომელსაც არ შეიძლება შეესაბამებოდეს მათი დღის წესრიგი, ამ შემთხვევაში რა ხდება?!" - განაცხადა ხუხაშვილმა.



ექსპერტის თქმით, გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ, სამთავრობო პორტფელების შენარჩუნება სწორედ რესპუბლიკურ პარტიას შეუქმნის დისკომფორტს.



მოგეხსენებათ, მთავრობა არის სოლიდარული მმართველობის სისტემა და შესაბამისად, თუ არჩევნებამდე სრულად გაიზიარეს პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მაშინ რას დაემყარება მათი საარჩევნო კამპანია?! ეს არის ცოტა გაუგებარი. ჯერჯერობით, საქართველოში ვცხოვრობთ და შეიძლება არ იციან, საქართველოში როგორი წესებია, მაგრამ აქ ძალიან უცნაური სისტემაა. მეტსაც გეტყვით, თუ ისინი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებენ, კამპანიის ნაწილის დღის წესრიგი შეიძლება გახდეს, რომ მაგალითად, უსუფაშვილმა ხიდაშელი გააკრიტიკოს. ამას მარტო პოლიტიკური კი არა, ოჯახური გარჩევებიც შეიძლება მოჰყვეს და ამაზე რა აზრის არიან, ძალიან მაინტერესებს", - აცხადებს ექსპერტი.



მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია ცდილობს, რომ უხარისხო თამაშის პირობებში, რაღაც სახე შეინარჩუნოს.



სიმართლე გითხრათ, რას აცხადებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ქვეყანაში პროცესები მათი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით არ მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, რომ ხაზი გაუსვან თავის მნიშვნელოვნებას, მაგრამ ამას ხალხის ლეგიტიმაცია სჭირდება, რასაც არჩევნებში ვნახავთ. ეჭვი მეპარება, რომ მათ ამბიციას რაიმე საფუძველი ჰქონდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.



რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება.

სამნიძის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვეტილება 27 მარტს მიიღო, თუმცა მისი გასაჯაროება დაყოვნდა პრემიერ-მინისტრის თხოვნით, რათა კოალიცია მომზადებულიყო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner