ავტორი სოფო ხუგოიანი
რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში გადადის, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
ამ განცხადებას „რეპორტიორთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, „რესპუბლიკელები" თავიანთი ავტორიტეტით, ინტელექტით, ცოდნით, გამოცდილებით, რეპუტაციით დასავლეთში აშკარად ჩაგრავდნენ და თრგუნავდნენ კოალიციაში არსებულ სხვა პარტიებს.
„რესპუბლიკელებმა" მათთვის ყველაზე ხელსაყრელი გზა აირჩიეს - თან რჩებიან, თან მიდიან. ასეთი გადაწყვეტილებით „რესპუბლიკელებმა" ძალიან რთული არჩევნის წინაშე დააყენეს ხელისუფლება და „ქართული ოცნება". ერთი შეხედვით, „რესპუბლიკელებს" ვერანაირ ბრალდებას ვერ წაუყენებენ, ვინაიდან კოალიცია შედგა არჩევნებიდან არჩევნებამდე, აქედან გამომდინარე, მათ არანაირი შეთანხმება არ დაურღვევიათ. მეორე მხრივ კი, წმინდა პრაგმატული გათვლით, რა რეზონი აქვს „ქართულ ოცნებას", რომ არჩევნებამდე დარჩენილ 6 თვეში უკვე მის კონკურენტებს კიდევ მისცეს გაძლიერების საშუალება? ამ 6 თვის განმავლობაში „რესპუბლიკელები" მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელში არსებულ ადმინისტრაციულ რესურსს, რათა რაიონებში, სადაც არ აქვთ, ჩამოაყალიბონ თავიანთი ორგანიზაციები, წინასაარჩევნო კამპანიისთვის შექმნან ხელსაყრელი პირობები. როგორც ჩანს, „რესპუბლიკელები" ძირითად აქცენტს რეგიონებზე გააკეთებენ. მათი შანსი არჩევნებზე თბილისში გაცილებით არაპერსპექტიულია, ვიდრე რეგიონებში, სადაც მათ მიმართ არ არის ისეთი ძლიერი ანტაგონიზმი, როგორიც თბილისშია.
დარწმუნებული ვარ, „რესპუბლიკელების" ამ გადაწყვეტილებაზე სხვა არგუმენტებთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი გახდა გადამწყვეტი. ეს „რესპუბლიკელებს" კარგს არაფერს უქადდა.
არის დელიკატური მომენტებიც, კოალიციის „ორკაციან" პარტიებს ერთი მხრივ აწყობთ „რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლა, მაგრამ მათთვის კოალიციის დაშლა ჯოჯოხეთური პერსპექტივაა. აწყობთ იმიტომ, რომ თუ კოალიცია „რესპუბლიკელების" გარეშე დარჩა, „კონსერვატორებისთვის", „სოციალ-დემოკრატებისთვის" და კიდევ „ორ-სამკაციანი" პარტიებისთვის ეს საჩუქარია, რადგან ადგილები თავისუფლდება მათთვის და უმცროსი პარტნიორების როლში არ იქნებიან. ვინაიდან „რესპუბლიკელები" თავიანთი ავტორიტეტით, ინტელექტით, ცოდნით, გამოცდილებით, რეპუტაციით დასავლეთში აშკარად ჩაგრავდნენ და თრგუნავდნენ კიდეც სხვა პარტიებს. კოალიციაში პარტიები, „ქართული ოცნების" გარდა, იურიდიულ, მორალურ და ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდნენ რესპუბლიკური პარტიისგან, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათთვის ეს გაქრება.
იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები" გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას" რეალურ კონკურენციას გაუწევენ.
„ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის გარეშე ცარიელი ადგილია. ამ არჩევნებში იქნება დაპირისპირებული ბიუროკრატიული აპარატი, საგრძნობლად შემცირებული ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი და ხალხის ტოტალური უკმაყოფილება. ივანიშვილს დღეს ისიც გაუჭირდება, რომ „რესპუბლიკელები" მთავრობიდან გარიყოს. არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამ ყველაფერს საზოგადოება ცუდად აღიქვამს. ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ელექტორატი, რომელიც მერყეობს, მისცეს თუ არა ხმა „რესპუბლიკელებს", ამის შემდეგ შესაძლოა გადაიხაროს მათკენ. ამავე დროს, „ქართული ოცნებისთვის" ძნელია იმ მინისტრების ატანა, რომელიც 6 თვეში ხელისუფლებიდან მათ გაგდებას შეეცდება", - განაცხადა ცინცაძემ.