ავტორი სალომე უერთაშვილი
„ყოველთვის, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავს არასამთავრობო სექტორში მოიაზრებს", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას გამოეხმაურა.
როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მარგველაშვილის გამოსვლები, უმეტეს შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
„პრობლემა, რომელიც პრეზიდენტს ცალსახად აქვს, ისაა, რომ მან ვერ გაითავისა, რომ ის ქვეყნის პირველი პირი და ხელისუფლების წარმომადგენელია. ყოველთვის, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავს არასამთავრობო სექტორში მოიაზრებს.
ყველა მისი განცხადება, გამოსვლა თუ ქმედება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობასთანააა დაკავშირებული და მათი წარმომადგენლის პოზიციებს უფრო გამოხატავს, ვიდრე სახელმწიფოს მმართველის. მისი მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრობს, უნდა იაზრებდეს, თუ რას ნიშნავს აურჩეველი პრეზიდენტი, როგორიც თვითონაა.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებზე, რომელიც ფორმალური იქნება, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ხოლო თუ ჩვენ რეალურ არჩევნებზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა გამოიკვეთოს ლიდერი, რომელიც შეძლებს, ატაროს ქვეყნის პირველი პირის სახელი და ის ტვირთი, რომელიც მას აკისრია", - განაცხადა კაკაბაძემ.