ავტორი სალომე უერთაშვილი
„ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისგან ყველაზე მეტად დააკლდა ის, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები.
„როდესაც პრეზიდენტი მიდის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით და მოხსენებით, მას აქვს უფლება, ისაუბროს ყველა იმ საკითხზე, რომელსაც საჭიროდ თვლის და, შესაბამისად არგუმენტირებულად ისაუბროს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. კარგი იქნებოდა, არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ ზოგადად ადამიანებმა, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო გუნდში მყოფმა ადამიანებმა, ისაუბრონ არა მარტო პრობლემებზე, არამედ გამოსავალზეც და შექმნილი პრობლემის მოგვარებაზეც. პრეზიდენტის მხრიდან დამაკლდა არგუმენტები, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები.
გასაგებია, რომ ქვეყანაში რთული სოციალური მდგომარეობა და კრიზისია. ის, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ხიდჩატეხილობა ყოველდღე მატულობს, ფაქტია. ყველა ის ადამიანი, ვინც პრეზიდენტს შეფასებების გამო აკრიტიკებს, უბრალოდ, არ ფიქრობს იმ პრობლემებზე და იმ მოცემულობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. მოკლედ, მე დამაკლდა, თუ როგორ ხედავს ქვეყნის პირველი პირი პრობლემების მოგვარებას, რას სთავაზობს ის არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ პირველ რიგში, ხალხს, რომელთანაც ის ყველაზე მეტადაა ანგარიშვალდებული", - აცხადებს მიროტაძე.