დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მამა რევაზ სიხარულიძე აღსარების ჩასაბარებლად შევიდა. ამის შესახებ მამა რევაზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომზადების მცდელობაში ბრალდებულმა დეკანოზმა 2 სასულიერო პირი დაასახელა, მამა რევაზი (სიხარულიძე) და მამა კახაბერი (გოგოტიშვილი), რომელთა ნახვაც სურდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მიმდინარე წლის 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.