logo_geo
eng_logo
გიო ხუციშვილი: აფხაზეთის ომში ჯარისკაცის მამასავით ჩავედი და დავრჩი…
- +

11 აპრილი. 2017. 19:09



„ორჯერ დავიჭერი, დავბრუნდი და ისევ წავედი. ძალიან რთული სიტუაცია იყო", - ამის შესახებ მომღერალმა გიო ხუციშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„ახალგაზრდა იყო მამაჩემი, რომ გარდაიცვალა და ამ სამყაროსთან დავრჩი სრულიად მარტო. 18 წლის ვიყავი. აქედან დაიწყო ჩემი რთული ცხოვრება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. ამ არეულ პერიოდში მოვიყვანე პირველი ცოლიც. დღემდე არ ვიცი, რატომ შევუღლდით, ან რატომ გავშორდით. ჯერ ბოჰემურ ცხოვრებას მივყავი ხელი, შემდეგ კი გადავწყვიტე, ცხოვრება შემეცვალა.

 

აფხაზეთის ომში წავედი, როგორც მოხალისე. ორჯერ დამაჯილდოვეს ორდენით. მანამდე შეხება არ მქონდა ჯართან. სპონტანურად წავედი, ვერც ვაცნობიერებდი. ჯარისკაცის მამასავით ჩავედი და დავრჩი. წელიწად-ნახევარი ვიბრძოდი. ორჯერ დავიჭერი, დავბრუნდი და ისევ წავედი. ბევრჯერ ყოფილა მომენტი, მიფიქრია, რომ უკან ვერ დავბრუნდებოდი, ბევრჯერაც შემშინებია და არაერთხელ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში.

 

ერთ ღამეს სრულიად დანგრეულ სახლში შევედით. შუა ოთახში იდგა პიანინო, დავჯექი და დაკვრა დავიწყე. ბიჭებიც ამყვნენ. იქვე, თხრილში რუსები იყვნენ ჩასაფრებულები, თუმცა, ხმა არ ამოუღიათ. რაღაც ფილმის სიუჟეტს ჰგავდა. მტერი გვხედავდა, გვისმენდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუსვრია.

 

ამ ამბებმა ფსიქოლოგიური დარტყმა მომაყენა, რაც მეუღლესთან ერთად გადავლახე. დიდი დრო დამჭირდა ამისათვის. სასმელს ვეძალებოდი, მასში შვებას ვპოულობდი. ამ მძიმე მდგომარეობიდან სიმღერამ გამომიყვანა. მუსიკა ჩემი ნარკოტიკია, მასში ვიხარჯები ბოლომდე.

 

იყო სხვა პრობლემებიც. ოჯახში ძალიან გაგვიჭირდა. დედამ მამას ბიბლიოთეკა გაყიდა საჭმლის ფულის გამო. ომიდან რომ დავბრუნდი, ფილმში მეგონა თავი. მივედი სახლში, რომელიც თურმე, ჩემი აღარ იყო. დედას სახლიც გაუყიდია. აღარაფერი მქონდა დარჩენილი. ცხოვრება ნულიდან დავიწყე. რაიმე უნდა მეშოვა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ყოველთვის შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. მთავარია, მიხვდე, სად გაჩერდე და არ გადაეშვა მორევში", - აღნიშნა გიო ხუციშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner