logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ მტკიცებულებები სასამართლომ საქმეს დაურთო
- +

11 აპრილი. 2017. 19:46



თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინაღმდეგ საქმეზე მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებათან ნაწილი სარჩელს დაურთო.


მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ექვსი ორგანიზაციის სეოკ-ში გაწევრიანების ოქმების მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლებმაც მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არალეგიტიმურად მიიღეს მონაწილეობა.


მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, საქმეს თან დაერთოს ფაქტების კონსტანტაცია.


სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეს თან დაერთოს 136 სუბიექტის შესახებ სეოკი-დან ინფორმაციის გამოთხოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შუამდგომლობას კავშირი არ აქვს სასარჩელო მოთხოვნასთან.


დღევანდელ მოსამზადებელ სხდომაზე სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციებს ეხება. აღნიშნულის განსახილველად სასამართლომ და მოპასუხე მხარემ დრო მოითხივა, რის გამოც, მოსამართლე შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.


მოსარჩელის არც ერთ შუამდგომლობას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებების საქმეზე დართვის მოთხოვნა, სასარჩელო მოთხოვნას არ ეხება.



სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა, როინ მიგრიაულმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მტკიცებულებების დაკმაყოფილება, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა.


მხარე აპირებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სხვა სამართლებრივი გზით მოიპოვოს, რადგან მას არსებითი მნიშვნელობა აქვს.


საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 25 მაისს 14:00 საათზე გაიმართება.


საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.


აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner