logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: ნუ გვექნება იმედი, რომ რუსეთს სინდისი შეაწუხებს...
- +

11 აპრილი. 2017. 21:04



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ძალაუფლებას ჩაბღაუჭების მცდელობაა. მან IRI-ის კვლევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შედეგები რეალობასაა აცდენილი.

 

- როგორ შეაფასებთ 7 აპრილს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას? როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა საკითხები, რომელზეც გიორგი მარგველაშვილს აქცენტი უნდა გაეკეთებინა, თუმცა, არ უსაუბრია?


- პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ხელისუფლების ნაწილია და შესაბამისად, ქვეყნის ინტერესებზე უნდა საუბრობდეს, ქვეყნის განვითარების გეგმაზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა უფრო მეტი აქცენტი კრიტიკაზე გააკეთა, თითქოს თვითონ ხელისუფლების ნაწილი არ იყოს და ქვეყნის ცხოვრებაში არ მონაწილეობდეს. ის, რაც მან გააკეთა, ჰგავს საკუთარი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებას, რომ მომავალში ამ ქვეყანაში როგორმე კიდევ იყოს. მისი სურვილია, სააკაშვილის დატოვებული კონსტიტუციის ის ნაწილი იყოს შენარჩუნებული, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში გაურკვევლობას იწვევს



- საკუთარი ძალაუფლების ჩაბღაუჭება ახსენეთ და, როგორ ფიქრობთ, მისი კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" წინასაარჩევნო კამპანია ხომ არ არის?


- ბევრი ხვდება, რომ ამ ადამიანს დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია. ალბათ გახსოვთ 2013 წელს მისი წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც იძახდა, რომ პლასტელინი იყო და, სადაც მიაგდებდნენ, იქ იქნებოდა, ახლა ეტყობა, აღარ არის პლასტელინი და სხვა მოტივაცია გაუჩნდა ცხოვრებაში, მოეწონა პრეზიდენტობა. მან დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომლითაც ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ რაღაცას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, არჩევნები ყველაფერს წარმოაჩენს.


- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა. სახელის შეცვლის ინიციატივას 78%-მა მხარი დაუჭირა. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს ჩვენი ქვეყნისთვის?


- ის სახელი, ზოგადად, ჩრდილოეთ ოსეთს ჰქვია. ამას მეგობრულ ნაბიჯად ვერ განვიხილავთ.


თქვენ გახსოვთ, რომ უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, ამასთან შედარებით, რა თქმა უნდა, უკეთესია. კარგია, რომ არ მოხდა იმ რეფერენდუმის ჩატარება. თქვენ იცით, რომ ყირიმის შემთხვევაში, როდესაც მსგავსი რეფერენდუმი ჩატარდა, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ვფიქრობ, რომ აქ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელმა აზრმა გაიმარჯვა, პირდაპირ ჩვენი ტერიტორიების მიტაცებისგან თავი შეიკავა, თუმცა დე-ფაქტო მაინც მითვისებული აქვს.


- IRI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რამდენად სანდოა ის მონაცემები, რომელიც კვლევის შედეგებშია ასახული?

 


- ყველაზე შემაშფოთებელი თვითონ ეს ინსტიტუტია, რომელიც თავის დროზე ძალიან დიდ ნდობას იმსახურებდა. ბოლო წლებში კი აცდენილია რეალობას, რადგანაც არცერთმა არჩევნებმა მისი კვლევები არ დაადასტურა.


როგორ შეიძლება მარგველაშვილი ყველაზე რეიტინგულ პიროვნებად აღიარდეს ჩვენს ქვეყანაში? მკვლევარის დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი რეალობასაა აცდენილი.


- სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით რას იტყვით, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს იდეა?


-  თუ დავაკვირდებით, ყველა განვითარებულ ქალაქს აქვს მსგავსი ტერიტორიები. ზოგადად, ეს არ არის მარტო სამთავრობო ქალაქი, ზოგან სავაჭრო ცენტრია, ზოგან კიდევ ბიზნეს-ცენტრი, რადგანაც ადამიანებს ამის მოთხოვნილება გააჩნიათ, ასე უმარტივდებათ ცხოვრება და თვითონ ქალაქის განვითარებიაშიც ძალიან პოზიტიურ როლს ითამაშებს. ეს ყველაფერი ეკონომიკის თვალსაზრისითაც პლუსია, წახალისებაა.


რა თქმა უნდა, თუ ჩვენს ქალაქში გაჩნდება ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი მომსახურებას ერთიან სივრცეში მიიღებს, კარგია, შესაბამისად, ეს სატრანსპორტო მოძრაობასაც ხელს შეუწყობს. მოგეხსენებათ, უწყებები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და, როდესაც ადამიანი ერთი სამინისტროდან მეორეში გადადგილდება, იქმნება საცობები. ალბათ, სამთავრობო ქალაქი რაღაც პროცენტით საცობებს შეამცირებს. 


- გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 თვითმმართველ ქალაქს უნდა შეუჩერდეს სტატუსი, როგორც ფიქრობთ, საჭიროა ამ ღონისძიების გატარება?


- საერთოდ, არ ვიცი, იგეგმება თუ არა სტატუსის გაუქმება, მაგრამ არ შეიძლება პატარა ქალაქში იყოს გამგებელი, რაიონის საკრებულო, მერი და ქალაქის საკრებულო, ყველაფრისთვის მავნებელია ეს. არ შეიძლება, ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდოთ მსგავსი სიტუაციით, ანუ, მოქალაქეებმა არ იციან, მათ რაიონში ვინ არის უფრო მთავარი.  ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასე დაწვრილმანდეს.


- გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება?


- საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია. მაშინ, როდესაც ტურიზმი ასე ვითარდება, წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნება ტურისტს, რომელიც დაინახავს, რომ ქუჩაში, სიბინძურეში იყიდება პროდუქტი, რა გარანტია აქვს მას, რომ რესტორანში და თუნდაც სასტუმროში იმავე პროდუქტსს არ მოიხმარდნენ?


ვიცი, რომ მოვაჭრეებისთვის ადგილები გამოყოფილია და, არა მგონია, ვაჭრობას იქ რაიმე ხელს უშლიდეს. აქ გადახდის პრობლემაა, დღეში 3 თუ 5 ლარზეა ლაპარაკი. შემოსავალი რომ არ ჰქონდეთ, არავინ დაჯდებოდა იქ სიცივეში და ქარში.


გარევაჭრობა არაა კარგი არც ეკონომიკის, არც ტურიზმის და არც ჰიგიენის თვალსაზრისით. 


- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?


- დავიღალეთ ყოველწლიური პირდაპირი არჩევნებით. ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. გამოდის, რომ პრეზიდენტი ქვეყანას დღეს ოპოზიციაში უდგას. პრეზიდენტი თუ პარლამენტის და მმართველი ძალის წარმომადგენელია, მაშინ აირჩევს ხომ მმართველი ძალა? საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით ავირჩიოთ.


- როგორ ფიქრობთ, ვიზა-ლიბერალიზაციის ძალაში შესვლა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დალაგებაში თუ დაგვეხმარება?


-  ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ვიზა-ლიბერალიზაცია კი არა, მათთან საუბარი დაგვეხმარება, რომელიც სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს  და ეს ფორმატი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთის ფედერაცია, ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილი არ არის, ურთიერთობის მაინც მეტი ფორმატი უნდა იყოს, ნუ გვექნება იმედი, რომ რუსეთს სინდისი შეაწუხებს. ასე დიალოგით კი შესაძლოა, რამეს მივაღწიოთ. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner