logo_geo
eng_logo
სუს-მა ის პირები გამოავლინა, რომლებსაც, შესაძლოა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი ჰქონდეთ
- +

12 აპრილი. 2017. 11:28



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, აღნიშნულია, რომ სუს-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კონტრდაზვერვითი საქმიანობაა.


„საანგარიში პერიოდში სამსახური ახორციელდებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მისწრაფებების გამოვლენას და განეიტრალებას, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, სახელისუფლებო წრეებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაცვას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისგან. ამასთან, კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვაზე, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფაზე. უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ძირითად მისწრაფებას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. აღნიშნულის გასანაიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსხურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესაწავლას, ასევე სახელმიწფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად იქნას აღკვეთილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის" კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის" და „ინფორმაციული დივერსიის" კომპონენტებს. აღნიშნულის გასანეიტრალებლად კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვყნების სპეცსამსახურებთან. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტები, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს. ეკონომიკური შპიონაჟი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების საქმიანობას, არამედ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. აღნიშნული საფრთხეების განეიტრალებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა, უცხო ქვეყნის სამსახურების დავალებით მოქმედებდნენ.


დაინტერესებული ქვეყნების საპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით გრძელდება მუშაობა შიდა საფრთხეებისა და ინფორმაციის გადინების პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე, აგრეთვე იმ სუბიექტების გამოვლენაზე, ვინც ცდილობდა ავტორიზებული წვდომა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოეყენებინა. ზემოაღნიშნული მიმართულებით საანგარიშო პერიოდში 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე (81 სახელმიწიფო დაწესებულება, 83 კერძო სამართლის იურიდული პირი) გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა-ფორმა N4) ხოლო 12 ორგანიზაცია-დაწესებულებას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათავლისწინებით, ნებართვის მიღებაზე ეთქვა უარი", - ნათქვამია ანგარიშში.


როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 152 დაწესებულებაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად და საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება. ამასთან, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3525 ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner