სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, ნათქვამია, რომ სუს-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა იწვევს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და მისი ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან, კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების ან/და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, ასევე საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის და ფულად-საკრედიტო სისტემის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენცია, ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. კორუფციასთან ბრძოლაში თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების დასანერგად, ასევე საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საანგარიშო პერიოდში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე ორგანიზებულ კონფერენციებში, ტრენინგებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იყო ჩართული „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015- 2016 წლების სამოქმედო გეგმის" შესრულების პროცესში. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, მომზადდა ცვლილებები საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში და შემუშავდა „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა". სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია არაერთი საჯარო მოხელე. მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი - ქრთამის აღების ფაქტზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის" დირექტორი და მისი მოადგილე - ქრთამის აღების ფაქტზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ქრთამის აღების ფაქტზე. ასევე, ქრთამის აღების ფაქტებზე დაკავებულ იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, შსს-ს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე. 2016 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისა და ორგანიზებული 19 ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე, დაკავებულია შპს „მექანიზატორის" 5 თანამშრომელი. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, საერთო ჯამში, სახელმწიფოს მიადგა 260 000 ლარის ზიანი. 2016 წლის 18 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების 22, ქრთამის მიცემის 2, თაღლითობის 8, კომერციული მოსყიდვის 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 4, მითვისების ან გაფლანგვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 59 პირი 32 სისხლის სამართლის საქმეზე", - ნათქვამია სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში.