logo_geo
eng_logo
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს
- +

12 აპრილი. 2017. 12:52




31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს.


ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს.


ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია და სამოა.


საქართველო კი წელს უკვე მეორედაა 20-წლამდელთა ჩემპიონატში ჩართული. 2016  წელს ტურნირში მონაწილეთაგან უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თორნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე.


აღსანიშნავია, რომ ვასილ ლობჟანიძე 18 წლის ასაკში დასახელდა მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ, მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობას მიიღო 2015 წლის მსოფლიო თასზე.

ასევე ასაკიდან გამომდინარე, წლევანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატში უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ითამაშებენ გელა აფრასიძე და ლაშა ტაბიძე.


მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები(14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება;


2017 წლამდე  ტურნირს მასპინძლობდნენ უელსი, იაპონია, არგენტინა, იტალია (2-ჯერ), სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ინგლისი.


ჩემპიონატის მონაწილეთა სია 2016 წლის რეიტინგის მიხედვით ასე გამოიყურება:


1. ინგლისი, 2. ირლანდია, 3. არგენტინა, 4. სამხრეთ აფრიკა, 5. ახალი ზელანდია, 6. ავსტრალია, 7. უელსი, 8. შოტლანდია, 9. საფრანგეთი, 10. საქართველო (უმცროსი ბორჯღალოსნები), 11. იტალია, 12. სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია)


შარშან საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მას შემდეგ რაც 2015 წელს რანგით მესამე ტურნირი - 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფა მოიგეს.


2016 წელს პლეიოფში საქართველომ დაამარცხა იტალია, რითაც დაიკავა მე-10 ადგილი. ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, როგორც მასპინძლებმა, არამედ სპორტული შედეგითაც დავიმსახურეთ მონაწილეობის უფლება.


ქართველ მორაგბეთა ნაკრების წარმატებით ასპარეზობის პროცესში დიდი წვლილი აქვს შეტანილი "ქართუ ჯგუფს", რადგან რაგბისთვის ინფრასტრუქტურას და სტადიონებს "ქართუ ჯგუფი" აშენებს".


"ქართუს ჯგუფის" მიერ ქართული რაგბისთვის გაწეული დანახარჯები თითქმის 80 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ფონდი, უკანასკნელი 8  წლის განმავლობაში რაგბის განვითარების სხვადასხვა პროექტს აფინანსებდა. ასევე, ფონდიდან ფინანსდებოდა ნაკრების წვრთნასთან დაკავშირებული ხარჯები. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოს ყოფილ პრემიერსა და ფონდ "ქართუს" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოც გადასცა.


"ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის" ფარგლებში თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა „ლელო სარასენსი", აშენდა „შევარდენის" სანაკრებო ბაზა, მოეწყო ავჭალის სარაგბო სტადიონი, ვარკეთილის სარაგბო სკოლაში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი  ნუცუბიძის პლატოზე იგეგმება სარაგბო ბაზის მშენებლობა, ფოთში აშენდასარაგბო ბაზა „პარკი-არენა", ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა „აია არენა" , ასევე ქუთაისში მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა და აშენდება რაგბის აკადემია. აშენდა რუსთავის, მარტყოფის, გორის, და ასპინძის სარაგბო ბაზები. მარტყოფში მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა, თელავში მიმდინარეობს ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა.


ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.


საქართველოში მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი. ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია დღეს, დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.


ტურნირის მსვლელობისას სხვა და სხვა ქვეყნის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად, სარაგბო სამყაროს რამდენიმე ვარსკვლავი ჩამოდის. მათშორის, თბილისს ეწვევიან მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ინგლისის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი ლომების ყოფილი მორაგბენ ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის მოადგილე, არგენტინის ნაკრების ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი აგუსტინ პიშოტი.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner