„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქვეყნებს თავის სისტემაში შემავალ თეატრებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასს“, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება თითოეულ ინსტიტუციაში დასაქმებული მსახიობების საშუალო ხელფასის შესახებ ინფორმაციასაც ასაჯაროებს.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საშუალო შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თუმანიშვილის თეატრში ფიქსირდება და იგი შეადგენს 908 ლარს. რაც შეეხება მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურებას, თუმანიშვილის თეატრში აღნიშნული შეადგენს 1034 ლარს.
საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სადაც ანაზღაურება შეადგენს 843 ლარს. ხოლო მსახიობების საშუალო ანაზღაურება 850 ლარია.
საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 809 ლარით. მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება კი 1328 ლარს შეადგენს.
როგორც ჩანს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს (თეატრებს შორის) საშუალო შრომის ანაზღაურება ყველაზე მაღალი აქვს, თუმცა მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება სხვა თეატრებთან მიმართებაში პირველ ადგილს ვერ იკავებს.