ავტორი სალომე უერთაშვილი
ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანისთვის" საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მინიჭებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა მოსაზრება, რომ ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, რომელიც ანსამბლ „ბასიანის" დამაარსებელია, ამჟამად „ბასიანს" ლობირებს. ასევე, გაჟღერდა, რომ ანსამბლი სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას არ იმსახურებდა.
ამ თემასთან დაკავშირებით, „რეპორტიორი" კომპეტენტურ პირებს დაუკავშირდა და მათი აზრი მოისმინა.
ანსამბლ „ერისიონის" კონსულტანტი და ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „ბასიანისთვის" სახელმწიფო სტატუსის მინიჭება დაგვიანებულიც კია.
„რამდენად იმსახურებდა კი არა, ცოტა დაგვიანებულიც კია სახელმწიფო სტატუსის მათთვის მინიჭება. დღეს „ბასიანი" არის საუკეთესო ანსამბლი და მივესალმები იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ანსამბლია. არიან ფოლკლორის ერთგულნი და ემსახურებიან ქვეყანას. ასე მარტო მე კი არა, ხალხი თვლის. სასიამოვნო მოსასმენია მათი ნამღერი. ვერ ვხვდები, ვის რა უნდა ამ ხალხთან!
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა ამ საკითხმა, გეტყვით, „ერთი ჭირი გვჭირს ქართველთა, გინდა დიდსა და მცირეთა - ჩამოსხდებიან, იტყვიან, უჩემოდ ვით იმღერეთა?" - აი, ეს არის პასუხი და მეორე, სულხან-საბა ბრძანებს, რომ „შური არის წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა", ამაზე უკეთესად პასუხს ვერ გაგცემთ", - აცხადებს ჭკუასელი.
როგორც ანსამბლ „რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე აცხადებს, „ბასიანი" არამარტო სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას იმსახურებს, არამედ, მას აკადემიური ანსამბლის სტატუსიც უნდა მიენიჭოს.
„ბასიანი" დღეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია საქართველოში, შემადგენლობა უძლიერესი ჰყავს, პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. გიორგი დონაძე უმაღლესი დონის პროფესიონალი და ქართული ხალხური სიმღერების საოცარი მცოდნეა. მათთან ერთად ბევრჯერ ვყოფილვარ უცხოეთში და ესაა შეუდარებელი სიმღერა, ისინი კი არ ყვირიან, არამედ მღერიან და გალობენ.
ხოლო ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ანსამბლი სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას არ იმსახურებდა, არის უვიცი, მათ არ იციან ქართული ხალხური სიმღერა. ქართული სული, გული და ხასიათია ამ ანსამბლში", - აცხადებს სულაბერიძე.
ანსამბლ „ქართული ხმების", „თბილისისა" და „იმერის" ხელმძღვანელი რობერტ გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ „ბასიანი" საკმაოდ ძლიერი ანსამბლია და იმსახურებს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსს.
„ბასიანისთვის" სახელმწიფო სტატუსის მინიჭება სწორად მიმაჩნია, რადგან საკმაოდ ძლიერი ანსამბლია, საფუძვლიან ქართულ სიმღერას მღერიან. არავითარი წინააღმდეგობა მათ მიმართ არ მქონია", - აცხადებს გოგოლაშვილი.
ამავე შეხედულებას იზიარებს ანსამბლ „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანლი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც ამბობს, რომ „ბასიანი" დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანსამბლია.
„რასაკვირველია, სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას ანსამბლი „ბასიანი" იმსახურებდა, რადგანაც დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანსამბლია. მან ძალიან კარგად შეასრულა უძველესი ხალხური სიმღერები. ასევე, უნიკალური ჩანაწერები ჯერ გაშიფრა და გაიმეორა ისე, როგორც ძველი მომღერლები მღეროდნენ, გარდა ამისა, თვითონვე მოიძიეს ძველი ჩანაწერები და უმაღლეს დონეზე ჩაწერეს. უცხოეთში უდიდესი წარმატებით სარგებლობენ.
ანსამბლი „ბასიანი" და მისი ნიჭიერი ხელმძღვანელი გიორგი დონაძე ბევრი სიკეთის ღირსია.
გიორგი დონაძე ამ ეტაპზე არის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი და „ბასიანის" დირექტორობის უფლება არ აქვს, თუმცა თავისუფლად შეუძლია იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი, ეს შეთავსებადია", - განაცხადა ერქომაიშვილმა.