„გთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში და არა „ქართული ოცნების", „ნაციონალური მოძრაობის" ან „თავისუფალი დემოკრატების" თავყრილობაზე", - ასე მიმართა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას კოლეგებს დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაავალა, პარლამენტის ვებ-გვერდზე დღესვე დაიდოს 30 მარტის სესიის რეგისტრაციის მონაცემები - ვინ იყო პარლამენტში, ვინ - არა, რატომ არ შედგა სხდომა და რატომ ვერ გაიმართა უშიშროების სამსახურის უფროსის მოსმენა.
„ჩვენ ვმართავთ საქართველოს პარლამენტის სხდომას. 30 მარტს საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა - არა უმრავლესობის სხდომა ვერ შედგა, არამედ - საქართველოს პარლამენტის სხდომა. საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ ყველა. ამ ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველა - ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა აქეთ-იქით, ვინ სწორად იქცევა და ვინ - არა, თუ მხოლოდ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას, ეს ხალხი თუ ის ხალხი, ვინც აქ ზის და პოლიტიკური მოტივებით რეგისტრაციას არ გადის - ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს", - მიმართა კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღევანდელი სხდომა განმეორებითი კენჭისყრისას გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა 30 მარტს. მიზეზი კვორუმის უქონლობა იყო. შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.