logo_geo
eng_logo
სუს-ი: მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი
- +

13 აპრილი. 2017. 10:56


გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2016 წელს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 800-მდე მოქალაქეს, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელზეც დღეს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტი იმსჯელებს.


სუს-ის ანგარიშშინათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი.


ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნების წარმომადგენლების საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობის ზრდა.


შესაბამისად, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ტარდება საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლის მიმართულებით, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან", - ნათქვამია ანგარიშში.


ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შესაბამისი მასალების შესწავლისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია, რომელთაც უარი ეთქვათ საქართველოში ბინადრობის მინიჭებაზე. გამოვლინდა 1786 პირის მიერ ფიქტიური დოკუმენტაციის წარმოდგენის ფაქტი.


უსაფრთხოების სამსახური 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს, მათ შორის, შესაძლო ოპერატიულად საყურადღებო პირთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად. საანგარიშო პერიოდში გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 800-მდე მოქალაქეს", - ნათქვამია ანგარიშში.


პარლამენტის რეგლამენტის გათვალიწინებით, ანგარიშის განხილვა სავალდებულოა როგორც კომიტეტების ფარგლებში, ასევე პლენარულ სხდომაზე. განხილვა მიმდინარე თვის განმავლობაში გაიმართება. საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ანგარიშს წარადგენს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. უცნობია, მივა თუ არა პარლამენტში თავად სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, რადგან პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ბოლო ცვლილებებით ანგარიშის წარდგენის უფლებამოსიელბა სუს-ის ხელმძღვანლის გარდა აქვს მოადგილეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner