„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. ძალიან დიდი სიყვარული და სინანული არის დღეს ყველა ჩვენგანში. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კაცი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე. ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად თავისი ერის სიყვარულით. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.