ამ დღეს, 1967 წლის 1 აპრილს ეკრანებზე გამოვიდა ლეონიდ გაიდაის შეუდარებელი კომედია „კავკასიელი ტყვე ქალი", - ამის შესახებ ლეილა ანჯაფარიძე Facebook-პოსტს აქვეყნებს:
„გინდათ მომკალით, გინდათ არ მომკლათ და ნებით ჩავაბარებ მაგალითად, სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში და შეგეშვებით... მაგრამ ... აბა, ახლა ამ ფილმს გვერდით როგორ ჩავუვლიდი დღეს....
იმიტომ კი არა, რომ ხუმრობის საერთაშორისო დღეა, უბრალოდ, ზუსტად ამ დღეს, 1967 წლის 1 აპრილს ეკრანებზე გამოვიდა ლეონიდ გაიდაის შეუდარებელი კომედია „კავკასიელი ტყვე ქალი".
რა ხასიათზეც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, რა ფილოსოფიურ და ჭკვიანურ პოზებსაც არ უნდა ვიღებდე, ამ ფილმის ტრანსლაციის დროს, ყველაფერს თავს ვანებებ და ვტკბები... უბრალოდ, ისეთ კარგ განწყობაზე მაყენებს, რომ რამდენიმე დღე მყოფნის.
მშვენიერი რეჟისურა, არაჩვეულებრივი მსახიობები და სასწაული იუმორი... თანაც გროტესკულიდან დაწყებული, დელიკატური მინიშნებებით დასრულებული და რაც მთავარია, უბოროტო...
ვგიჟდები. როცა იუმორი კი არ „გიღუტუნებს", როგორც ბავშვს უნიჭო ნათესავი ან მეზობელი, ძალით: „გაიცინე-გაიცინეო", არამედ ხალისიანი რომ არის და მართლა პატარა ბავშვივით რომ გეცინება, ლაღად... და დაუფიქრებლად...
როდესაც გაიდაიმ ამ ფილმის გადაღება დაიწყო, ბობოქრობდა საბჭოთა კავშირი და ცენზურა განსაკუთრებით ვრცელდებოდა ყველაზე პოპულარულ ჟანრზე, კინოზე და მითუმეტეს კომედიებზე. ასე რომ, ფილმის ყოველი ეპიზოდი გადიოდა შემოწმებას რამდენიმე ინსტანციაში, ამიტომაც, ფილმის დასასრულს, ლეონიდ გაიდაიმ 10 კილოგრამამდე დაკარგა... არაფერი შეეტყო მხოლოდ მორგუნოვს...
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ვლადიმერ ეტუშის გმირის, პარტიული ბოსის გვარი იყო ოხოხოვი... სადმე გაგიგიათ ასეთი გვარი? არც მე, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეს იშვიათი გვარი ჰქონია რფ კინემატოგრაფიის ინდუსტრიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ამიტომაც გმირს სასწრაფოდ შეუცვალეს გვარი და ის გახდა საახოვი... მაგრამ, ერთ კვირაში გაიდაის დაურეკეს და უთხრეს, რომ გვარი ისევ გადასაკეთებელია, რადგან ოხოხოვის ერთ-ერთი კოლეგა ყოფილა სააკოვი და „სააკოვი და საახოვი" ერთმანეთს ჰგავსო. აქ გაიდაიმ ვეღარ მოითმინა და ესტუმრა იმდროინდელ კულტურის მინისტრს, სხვათაშორის, ძალიან მომხიბვლელ და დემოკრატიულ ეკატერინა ფურცევას, რომელიც აღშფოთდა საშუალო დონის პარტიული მუშაკების ჩარევით და განაცხადა: „მაშინ რაღა ქნას რეჟისორმა, თუ მისი გმირი გვარად ივანოვი აღმოჩნდება, მარტო კულტურის სამინისტროში 200-მდე ივანოვია და საერთოდ, რატომ არ შეიძლება, ივანოვი იყოს სულელიო"... და საახოვი საახოვად დარჩა. მე კი, რომ შევამოკლო, თქვენი ნებართვით, ცენზურის მთელ აპარატს პირობითად „ივანოვს" დავუძახებ...
ჰოდა ამ „ივანოვის" შემდეგი გასარჩევი გახდა ცნობილი სიმღერა, რომელსაც ფილმის მთავარი გმირი, „Студентка, комсомолка, спортсменка, наконец, - просто красавица!" ნინა მღერის. ის შეიცავდა სიტყვებს: „Чешут медведи спины". აქ აღშფოთებულმა „ივანოვმა" განაცხადა, რომ საბჭოთა დათვები, ჩრდილოეთშიც არ უნდა იყვნენ პარტიისა და მთავრობის ყურადღების გარეშე და რადგან იფხანენ, ესე იგი ტილები ჰყავთ... ამიტომაც ეს სტროფი შეცვალეს სიტყვებით : „трутся спиной медведи".. ანუ, ფაქტიურად ისევ იფხანენ, მაგრამ ტილების გამო კი არა, უბრალოდ ასე უნდათ. „ხოში აქვთ".
შემდეგ ჯერი მიდგა ნიკულინის დღემდე პოპულარულ სიმღერაზე სამცოლიანი სულთნის შესახებ, რომელშიც აღმოაჩინეს სიტყვები, «Если все три жены мне нальют по сто, итого триста грамм - это кое-что"...ეს უკვე ალკოჰოლიზმის სერიოზული რეკლამა იყო და სასწრაფოდ ამოიღეს სიმღერიდან...
ყველას, ალბათ, გახსოვთ სასამართლოს სცენა, სადაც ვიცინი იძახის „Да здравствует наш суд, самый гуманный суд в мире!», ადრე იყო «Да здравствует советский суд,, მაგრამ „ივანოვმა" ეს საბჭოთა სამართალდამცავი სისტემის დაცინვად ჩათვალა, ასევე სწორედ „ივანოვის" გამო, ფილმიდან ამოიღეს დასაწყისი სცენა, როდესაც მორგუნოვი ღობეზე წერს ასო «Х»-ს, მერე ნიკულინი უმატებს «У»,-ს და ვიცინი რომ აპირებს ცნობილი სამასოიანი სიტყვის დასრულებას, ჩნდება მილიცია და შეშინებული ნიკულინი მიაწერს «дожественный фильм", ნუ, ხომ წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ივანოვს", სანამ ვიცინი მიაწერდა)))
ჰყვებიან, რომ გაიდაი ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევდა ფილმში მონაწილე ვირს, სახელად „ყურშა", რომელიც მიაჩნდა ბიბლიურ ცხოველად და შესაბამისად, მხოლოდ მას არ სჯიდა... ნიკულინის მოგონებებში, „ყურშა" ყველა ვირზე უფრო ვირი იყო, ჰქონდა აუტანელი ხასიათი, უყვარდა მხოლოდ ნინას როლის შემსრულებელი ნატალია ვარლეი (იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყო) და შურიკა-დემიანენკო (რადგანაც შაქარს აჭმევდა). „ყურშა" გადაღების დროს, გზაზე მიმავალ „მოსკვიჩს" შეეჯახა, მაგრამ იქიდან მტრულად გამოსულმა მძღოლმა მორგუნოვი, ვიცინი და ნიკულინი რომ დაინახა, გაეკიდა, მაგრამ მხოლოდ ავტოგრაფის გამოსართმევად...
გადაღების მონაწილეებს ყველაზე ძალიან დაამახსოვრდათ სცენა, როდესავ ვიცინს, რომელიც საერთოდ ვერ იტანდა ალკოჰოლს, უნდა დაელია ლუდი, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მას ლუდის კათხაში ხან ლიმონათი ჩაუსხეს, ხან ჩაი, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ლუდი არ იყო, ქაფი აკლდა... მე-7 დუბლის შემდეგ, მორგუნოვმა გამოაცხადა, რომ თუ ვიცინი ნებით არ დალევს ლუდს, ან ბამბას ჩაუგდებს „ ქაფისთვის", ან შამპუნს ჩაუსხამს ჩაიში.. ვიცინმა ისევ ლუდი არჩია...
თურმე, გაიდაის გადაღებებზე ჰქონდა გახსნილი ე.წ. „შამპანურის ფონდი". ანუ, გადამღები ჯგუფის ნებისმიერი წევრი „სასაცილო და კარგი იდეისთვის" შამპანურს იღებდა ჯილდოდ. ასე გაჩნდა ფრაზა „шляп сними", ნიკულინის ლეგენდარული «Бамбарбия! Кергуду". მორგუნოვის „შპრიცის" ეპიზოდი და ნიკულინის ცნობილი „ქუსლდაფხანვა" (რომლის შესასრულებლად, საბნის ქვეშ ლილიპუტი იყო დამალული)...
ბოლოს ერთს დავუმატებ, ფილმი, სავარაუდოდ დიდ ეკრანამდე ვერ მიაღწევდა, მაგრამ ვიღაცა „არაივანოვმა" შეძლო და ბრეჟნევს მიუტანა პირადად... ლეონიდ ილიჩმა ბეცრი იცინა და გამოიტანა ვერდიქტი: „ძალიან კარგი კომედიაა"!!!
ფილმს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ არნახული წარმატება ხვდა წილად. მხოლოდ გამოსვლის წელს ის 75 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა!!! 2014 წელს გადაიღეს მისი რემეიკი, რომელმაც ასევე გრანდიოზულ წარმატებას მიაღწია: გახდა რუსეთის კინოს ისტორიაში „ყველაზე ცუდი ფილმი".
იმიტომ, რომ როგორც ცხოვრებაში, ასევე კინოში,
ყველაფრის „გარემეიკება" არ შეიძლება.
გილოცავთ დღევანდელ მხიარულ, ხალისიან და, „მატყუარა" დღეს და გისურვებთ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ამ დღეს მოტყუებულიყავით და ისიც „ვითომ"(ვინმეს რომ არ ეწყინოს)", - წერს ანჯაფარიძე.