logo_geo
eng_logo
ლეგენდარულ კომენტატორს ჯამლეტ ხუხაშვილს 73 წელი შეუსრულდა
- +

14 აპრილი. 2017. 14:21



ლეგენდარულ სპორტულ კომენტატორს ჯამლეტ ხუხაშვილს დღეს 73 წელი შეუსრულდა.


ჯამლეტ ხუხაშვილი 1964 წლიდან საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის სპორტული კომენტატორია, ხოლო 1975 წლიდან პარალელურად „მოამბის" სპორტული მიმომხილველი. 1990 წელს ის პროგრამა „ალიონის" მიმომხილველი გახდა.


საკალათბურთო რეპორტაჟები მას 1968 წლიდან მიჰყავს, მწვრთნელობით კი 1978 წელს დაინტერესდა. ჯამლეტ ხუხაშვილმა დაამთავრა კიევისა და სანკტ-პეტერბურგის სამწვრთნელო აკადემიები და 1980 წლიდან უკვე მწვრთნელის ოფიციალური სტატუსით ავარჯიშებდა ბავშვებს. 90-იანი წლების დასაწყისში ჯამლეტი იუნიორთა ნაკრების უფროსად დაინიშნა და სწორედ ამ წლებში დააფუძნა თავის ვაჟთან ერთად „მაკაბის" კლუბიც. 1994 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, რომლის უფროსად კვლავ ჯამლეტი აირჩიეს.


1998 წელს ჯამლეტ ხუხაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.


ჯამლეტ ხუხაშვილმა 2006 წელს სპორტული რადიო JAKO FM დააფუძნა, რომელიც კოტე მახარაძის სახელს ატარებს.  ის პირველი და ერთადერთი სპორტული რადიოა, რომელიც 10 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას.


ჯამლეტ ხუხაშვილი სპორტულ ჟურნალისტთაგან პირველი აღმოჩნდა, ვინც საპატიო თბილისელი გახდა. იგი ასევე პირველია, რომელმაც „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის" მიერ დაარსებული „კოტე მახარაძის სახელობის პრემია" დაიმსახურა.


2012 წელს ქართულ-ებრაული კულტურის ატაშე - ჯამლეტ ხუხაშვილი „საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის" თანათავმჯდომარედ აირჩიეს, იგი ერთ-ერთი დამფუძნებელია „მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციისა", რომლის პრეზიდენტი მისი მეუღლე ევა ბაბალაშვილია.


ჯამლეტ ხუხაშვილი საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გადარჩენის ფონდის თავმჯდომარეა. იგი 2013 წელს ასევე დაინიშნა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარედაც.


2014 წელს ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცა.


73 წლის ჯამლეტ ხუხაშვილი ევროპაში ერთადერთი სპორტული კომენტატორია, რომელსაც ამ სფეროში 53 წლიანი სტაჟი აქვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner