ავტორი ნინო ჯიბუტი
„ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პირველად არის შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლება და უმრავლესობა ერთპიროვნულად და ერთმნიშვნელოვნად აქვს აღებული. მისივე თქმით, რეალური შანსი გაჩნდა, იმისა რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებითად გაჯანსაღებული გარემო იქნას მიღებული.
„25 წელზე მეტია, რაც დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული სახელმწიფო არსებობს. დღეს ასეთი რეალობა დადგა ქვეყანში, თითქოს უმრავლესობას ინარჩუნებს კოალიცია და კვლავ გააგრძელებს კოორდინირებულ მოქმედებას - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი დღეს თუ არა, ხვალ დადასტურდება. დადასტურდება, რომ პარლამენტში არცერთი პოლიტიკური ძალა არ ფლობს გადამწყვეტ უმრავლესობას და რომ პროცესები ოქტომბრამდე , ანუ ექვსი თვის განმავლობაში აი, ამ ფორმით გააგრძელებს ცხოვრებას, ეს ჩვენი რეალობაა. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება. ეს არ არის თემა, სადაც მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიაზე უნდა ვისაუბროთ.
დღევანდელ დღეს უმთავრესია ერთი საკითხი - გაჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებითად შევცვალოთ საარჩევნო გარემო. თუ ეს ყველაფერი გუშინ და გუშინწინ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, დღევანდელი მოცემულობით ეს არის აბსოლუტური რეალობა. იმიტომ, რომ ყველა პარტიას, ხაზგასმით ვამბობ, მათ შორის „ქართულ ოცნებას" , რომელიც ყველაზე უფრო მძლავრად გამოიყურება, დღეს უნდა აწყობდეს, რომ ახალი მოცემულობა შეიქმნას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. რათა ყველამ საკუთარი ობიექტური, სამართლიანი ინტერესი დაინახოს ახალ მოცემულობაში. მეორე მხრივ, ჩვენ შევძლოთ, რომ შეთანხმებაზე, კონსენსუსზე დაფუძნებული სანდო საარჩევნო გარემო შევქმნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიზრდება რისკები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობისა.
მივმართავ ყველას, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დღეს ყველასთვის უნდა გახდეს ნომერ პირველი ზრუნვის, მუშაობის, მოწადინების საგანი, რომ მაქსიმალურად შევიწროვებულ ვადებში შევთანხმდეთ, შევცვალოთ და შევქმნათ ისეთი საარჩევნო გარემო, რომლითაც გავალთ კონკურენტულ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში, 2016 წლის ოქტომბერში.
ეს არის პირველი მოცემულობა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა მართავს. ეს არ ყოფილა არც გამსახურდიას პირობებში, არ ყოფილა არც „მოქალაქეთა კავშირის" დროს, არ ყოფილა არც „ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყო კოალიცია „ქართული ოცნება" და დღეს ეს მოცემულობა გვაქვს. ეს არ არის ტრაგედია, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ალღო უნდა აუღოს პირველ რიგში, პოლიტიკოსმა და ეს თითოეულმა ამომრჩეველმა გაითავისოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობა.
დღეს მთავარი ამოცანაა, პირველი - უკეთესობისკენ შევცვალოთ საარჩევნო გარემო, მეორე - ვიფიქროთ, როგორ შევქმნათ ძლიერი პოლიტიკური კოალიცია ჩვენ, დასავლეთზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რათა შედეგი მივიღოთ", - განაცხადა კაციტაძემ.