რესპუბლიკური პარტიის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში რა ძალებიც გაიმარჯვებენ და ვინც უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, ისინი დააკომპლექტებენ მთავრობას. ხოლო იმის შესახებ, იქნებიან თუ არა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მინისტრები არჩევნების შემდეგაც, თქვა, რომ ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, დროებითი მინისტრები არიან. არჩევნების მერე იქნებიან თუ არა ისევ მინისტრები, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. თუ არჩევნებზე წარმატებით გამოვედით, რისი იმედიც აქვს რესპუბლიკურ პარტიას, მაშინ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს რაღაცაზე. თუ ვერ გამოვედით წარმატებით, ვინც გამოვა წარმატებით, მთავრობას ის დააკომპლექტებს. საპარლამენტო რესპუბლიკის თავისებურება ასეთია, მთავრობას აკომპლექტებს პარლამენტი. საპარლამენტო არჩევნებში რა ძალებიც გაიმარჯვებენ და ვინც უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, ისინი დააკომპლექტებენ მთავრობას. რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის შანსებს, პრეტენზია გვაქვს, ბარიერიც გადავლახოთ და პარლამენტშიც ვიყოთ წარმოდგენილები", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.