თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთმა შესაძლოა გადახედოს ან შეაჩეროს ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება, თუ ევროკავშირი თურქეთს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე დადებით პასუხს არ ეტყვის.
ჩავუშოღლუს განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი მიგრანტთა შესახებ შეთანხმების ნაწილი იყო.
„თუ ჩვენ უარყოფით პასუხს მივიღებთ ევროკავშირისგან, ჩვენ უფლება გვაქვს, გადავხედოთ და შევაჩეროთ ევროკავშირთან მიღწეული ყველა შეთანხმება. ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა მოგვცეს, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
2016 წლის დასაწყისში თურქეთის მთავრობამ ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია მიგრანტთა ნაკადის შეკავების თაობაზე, რის სანაცვლოდაც თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი მიენიჭებოდათ. თუმცა, ევროკავშირი ოფიციალური ანკარისგან ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს.